რუსი გენერლები "ვაგნერის" სამხედრო დაჯგუფებას და მის მეთაურს, ევგენი პრიგოჟინს მიმართავენ. გენერლები მათ მოუწოდებენ, შეწყვიტონ ამბოხი და დაემორჩილონ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნებას.
"მივმართავ ვაგნერის სარდლობას, ოფიცრებს და მებრძოლებს. ჩვენ ერთად გავიარეთ გრძელი და რთული გზა. ჩვენ ვიბრძოდით თქვენთან ერთად. ჩვენ ერთად მივდიოდით რისკებზე. ზარალი განვიცადეთ. ერთად გვქონდა გამარჯვებები. ჩვენ ერთი სისხლის ვართ.
თქვენ უნდა გააკეთოთ ეს, სანამ გვიან არ არის: დაემორჩილეთ რუსეთის ფედერაციის არჩეული პრეზიდენტის ნებას და ბრძანებას. გააჩერეთ კოლონა, დაბრუნდით ბაზებსა და თქვენი დისლოკაციის ადგილებზე," - აცხადებს გენერალი, უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის მოადგილე სერგეი სუროვიკინი.
"როგორიც არ უნდა იყოს თქვენი განზრახვა ამ მომენტში, ეს არის ზურგში დარტყმა როგორც ქვეყნისთვის, ასევე პრეზიდენტისთვის. მხოლოდ მას აქვს უფლება დანიშნოს უმაღლესი სამხედრო მეთაური, მაგრამ თქვენ ცდილობთ მისი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ეს სახელმწიფო გადატრიალებაა," - აცხადებს გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე ვლადიმირ ალექსეევი.