15 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
საპროტესტო აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან - შეკრებილები ნიკა გვარამიას შეწყალებას აპროტესტებენ და სალომე ზურაბიშვილის გადადგომას მოითხოვენ

პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სამოქალაქო მოძრაობა "საქართველო უპირველეს ყოვლისა" და საზოგადოების ნაწილი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას იწუნებენ და მოითხოვენ, ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვოს. აქციის მონაწილეების განცხადებით, გვარამიას გათავისუფლების უსამართლო გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან საერთო არაფერი აქვს.

ამბობენ იმასაც, რომ პრეზიდენტი საკუთარ უფლებამოსილებას ქვეყნის გარედან მიღებული დირექტივების შესრულებისთვის, პირადი და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

აქციაზე იმყოფება კონსერვატიული გაერთიანების "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება და მოუწოდებს მას, შეუერთდეს დესტრუქციულ ოპოზიციას.

"სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია არ წარმოადგენს ქართველ ხალხს და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. ის ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს, ის ემსახურება ამ ქვეყანაში დესტრუქციული ძალების ინტერესებს და ჩვენ მოვედით იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ ვინც ეს ლეგიტიმაცია მიანიჭა და ვინც ამ სასახლეში შეაბრძანა ქალბატონი სალომე, ის ხალხი ეუბნება, რომ ის აღარ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, ის არ წარმოადგენს ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს და მოვუწოდებთ მას, დატოვოს პრეზიდენტის პოსტი და შეუერთდეს დესტრუქციულ ოპოზიციას, სადაც არის მისი ადგილი," - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

აქციაზე იმყოფება ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, რომელიც აცხადებს, რომ ნიკა გვარამია არის იმ რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება აკეთებდა.

"გვარამია არის ერთ-ერთი შემოქმედი იმ ბოროტების, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იმ რეჟიმის, რასაც სააკაშვილის რეჟიმი აკეთებდა. ამ პიროვნების გამოშვება, რომელმაც ამდენი ზარალი მიაყენა ქვეყანას და ტელევიზიას და ბევრი ცუდი აქვს ჩადენილი, ასე მარტივად, ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდა და ასეთი რამ გააკეთა. ძალიან საწყენია," – აცხადებს ია მეტრეველი.

სალომე ზურაბიშვილის ქმედებებს ანტიკონსტიტუციურს და ანტისახელმწიფოებრივ უწოდებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტები" თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

 

დღის ამბები