15 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის პატრონები არაფერს აკონტროლებენ, სრული ქაოსია - ზელენსკი

მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის პატრონები არაფერს აკონტროლებენ, სრული ქაოსია, - ასე გამოეხმაურა ვოლოდიმიტ ზელენსკი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსული ქაოსის შიშის გამო მსოფლიოში არავინ გაჩუმდეს.

"მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის პატრონები არაფერს აკონტროლებენ, საერთოდ არაფერს. სრული ქაოსი. პროგნოზირებადობის სრული არარსებობა და ეს ხდება რუსეთის ტერიტორიაზე, რომელიც სავსეა იარაღით. ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ ემუქრებოდა რუსეთის ხელმძღვანელი მსოფლიოს 2021 წელს. მას ჰქონდა რაღაც ულტიმატუმები, ის ცდილობდა ძალის დემონსტრირებას. 2022 წელმა აჩვენა, რომ ის დაიბნა, აერია თავისი ილუზიები და ტყუილები, რომლითაც მას კვებავდნენ. იქ, კრემლში, მზად არიან, წავიდნენ ნებისმიერ ტერორზე, ნებისმიერ სისულელეზე, თუმცა არ შეუძლიათ აუცილებელი კონტროლის ერთი პროცენტის უზრუნველყოფაც კი. ერთ დღეში მათ დაკარგეს თავისი რამდენიმე ქალაქი და აჩვენეს ყველა რუს კრიმინალს, დაქირავებულ მებრძოლს, ოლიგარქს და ნებისმიერ სხვას, რამდენად მარტივია რუსული ქალაქების და სავარაუდოდ იარაღის არსენალების დაკავება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსული ქაოსის შიშის გამო მსოფლიოში არავინ გაჩუმდეს. უკრაინა აუცილებლად შეძლებს ევროპის დაცვას რუსული ძალებისგან და არ აქვს მნიშვნელობა ვინ მეთაურობს მათ. ჩვენ დავიცავთ. ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება მხოლოდ ჩვენს თავდაცვაზეა დამოკიდებული. კრემლიდან კაცს აშკარად ძალიან ეშინია და ალბათ სადმე იმალება. დარწმუნებული ვარ, მოსკოვში აღარ არის. სადღაც რეკავს, რაღაცას ითხოვს... იცის, რისიც ეშინია, რადგან თავად შექმნა ეს საფრთხე. რაც უფრო მეტხანს შეძლებს თავის ბუნკერებს შორის სირბილს, მით მეტს წააგებთ თქვენ ყველა... ყველა, ვინც რუსეთთან არის დაკავშირებული," - განაცხადა ზელენსკიმ.

პარალელურად, უკრაინაზე თავდასხმები გრძელდება. რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ნიკოპოლზე, დაიჭრა ერთი ადამიანი. დაზიანებულია სახლები, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები. ღამით აფეთქების ხმა იყო ზაპოროჟიაში. საჰაერო ძალებმა ადგილობრივ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს. 200-ზე მეტი აფეთქება დაფიქსირდა სუმის საზღვრისპირა დასახლებებში. ოკუპანტებმა ოლქი 24-ჯერ დაბომბეს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში იერიში მიიტანეს ხარკოვისა და ხერსონის ოლქებზეც. ერთი ადამიანი ემსხვერპლა თავდასხმებს დონეცკის ოლქში.

დღის ამბები