პარლამენტში საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. სხდომაზე, რომელსაც დეპუტატები და ავტორ შემსრულებლებიც ესწრებიან, კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. სხდომას ესწრება საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) ყოფილი თავმჯდომარე, გიგა კობალაძეც.
პარლამენტის წევრი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი გიგა კობალაძეს აკრიტიკებს და მას "ქურდი" უწოდა.
"ქურდია, წლების განმავლობაში კორუფციონერი ქურდობს და პატიოსან, იმ მომღერლებს, შემოქმედ ადამიანებს, რომლებიც არავის ფულს არ იღებენ, თავიანთ კუთვნილ თანხას წლების განმავლობაში პირიდან აცლის და შენ რომ იცი რომ ვიღაც კობალაძე წლების განმავლობაში შენს ნაშრომს, ნამღერს იპარავს. ამათ რომ ფულს მოჰპარავ, იმ კაცის დაცვა როგორ შეიძლება?" - აცხადებს თამარ ჩარკვიანი.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ გიგა კობალაძეს მიმართა, რომელმაც კობალაძეს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
"ბატონი კობალაძე ძალიან კუთხეში ზის, თქვენი გულისთვის 140 გვერდი წავიკითხე აუდიტის დასკვნის. ახლა მე დავანახებ საზოგადოებას პრორუსული როგორ არის და როგორ იბრენდება, უბრალოდ იმ აგენტის კანონს ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავდა, რომელიც გაიშიფრებოდა და ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატყდა. თქვენ ჩვენზე ლაპარაკობთ რომ ჩვენ ვართ პრორუსები? ჯემალ სეფიაშვილზე რომ დაგისვათ შეკითხვა "მთავარის" ჟურნალისტმა და რომ გკითხათ, მაშინ, როდესაც მისი კომენტარი გაჩვენათ, რომ კობალაძესთან ვიღებდი X და ახლა ვიღებ 5 X-ს, რა უპასუხეთ? - დაავერბორკესო. ჯემალ სეფიაშვილია დავერბორკებული და თქვენ ხართ პატრიოტი? მე ვუსვამ ამ ადამიანს შეკითხვას, რომელია აქ დავერბორკებული სეფიაშვილის გარდა? ბოდიშს თუ არ მოიხდით, მეორეჯერ ამ შენობაში ვეღარ შემოხვალთ, მაგის პირობას მე გაძლევთ, იმიტომ რომ ამის მორალურ წნეხს მე მოგიწყობთ თქვენ?" - მიმართა ბექა ოდიშარიამ გიგა კობალაძეს.
კანონის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის წევრი, გრიგოლ ვაშაძე. მისი თქმით, აუდიტის დასკვნაში არის განმარტებული, რატომ არის კანონპროექტი მისაღები.
"მე სამუშაო ჯგუფის წევრი ვიყავი და დამსწრე საზოგადოებამ, ყველამ იცის ჩემი პოზიცია. ეს კანონპროექტი შესაჩერებელი კი არ არის, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ და გვეყოფა ეს მიტინგები. ვისაც წაკითხული აქვს აუდიტის დასკვნა, იქ წერია ყველაფერი, რატომ არის ეს კანონპროექტი მისაღები," - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბაია კვიციანმა.
"სიმართლე გითხრათ, ორი წლის წინ, როდესაც მე საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებით კანონპროექტზე მუშაობა დავიწყე, ვერც კი წარმომედგინა რომ აღმოჩნდებოდნენ ადამიანები, ვინც ამ კანონპროექტის წინააღმდეგ იქნებოდნენ, გარდა იმ ადამიანისა და იმ ორგანიზაციისა, რომელზეც ამბობდნენ, რომ მას რიგი დარღვევები ჰქონდა. მათგან ველოდებოდი რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას, მაგრამ თუ მოიძებნებოდნენ დეპუტატებიც და ავტორებიც, რომლებიც საავტორო და მომიჯნავე ქონებრივი უფლებების ჯეროვან დაცვას, გამართულს და სამართლიან დაცვას შეეწინააღმდეგებოდნენ და ამას ვერ გაზომავდნენ, თუ რამხელა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის თუ საავტორო უფლებების დაცვისთვის, ამას არ ველოდი ნამდვილად," - აცხადებს ბაია კვიციანი.
ავტორი: ანუკა ბუავა