15 ნოემბერი 2024,   11:06
ვრცლად
საავტორო უფლებები - ხელოვანებსა და საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის დაწყებულმა დავამ პროკურატურაში გადაინაცვლა

ხელოვანებსა და საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის დაწყებული დავა სამართლებრივ ჭრილში ინაცვლებს. ავტორ-შემსრულებლები პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავენ.

პროკურატურიდან ხელოვანებმა პარლამენტში გადაინაცვლეს, სადაც საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა. სხდომის დაწყებამდე ავტორ-შემსრულებლებმა ოპოზიციას ცვლილებათა პაკეტის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონპროექტის განხილვა კამათისა ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და სხდომის დროს რამდენჯერმე მანდატურის სამსახურის ჩართვაც გახდა საჭირო.

კომიტეტს ესწრებოდა, თუმცა დეპუტატების კითხვებისთვის სხდომაზე არ უპასუხია გიგა კობალაძეს. ყველა ბრალდება, რასაც ავტორ-შემსრულებლები უყენებენ, ჟურნალისტებთან უარყო და თქვა, რომ ამას გამოძიებაც დაადასტურებს.

ის, რასაც ხელოვანები ითხოვენ, პარლამენტში დაინიცირებული ცვლილებათა პაკეტის დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება - ასეთია ერთ-ერთი ინიციატორის შეფასება. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ კანონპროექტის მიხედვით, საავტორო უფლებათა ასოციაციას ბაზარზე მონოპოლია აღარ ექნება. ავტორ-შემსრულებლების უფლებებს კი კანონი დაიცავს.

კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა. დღეიდან კი დეპუტატებმა მისი მეორე მოსმენით კომიტეტებზე განხილვა დაიწყეს.

დღის ამბები