06 მაისი 2024,   13:07
ვრცლად
სამოქალაქო სოლიდარობამ აჩვენა, რომ ნებისმიერი შანტაჟი და შიდა ამბოხის მოწყობის მცდელობა მარცხისთვის არის განწირული - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, შეიარაღებული ამბოხის პირველივე წუთებიდან, მისი უშუალო დავალებით, იდგმებოდა ნაბიჯები იმისთვის, რომ სისხლისღვრა თავიდან აეცილებინათ, ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა საკუთარ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

პუტინმა, საზოგადოებასთან ერთად, მადლობა გადაუხადა "ვაგნერის" ჯარისკაცებს, რომლებმაც მიიღეს "ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - არ წავიდნენ ძმათა მკვლელ სისხლისღვრაზე".

"დღეს გაქვთ შესაძლებლობა, გააგრძელოთ სამსახური რუსეთში, გააფორმოთ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან, ან სხვა ძალოვან სტრუქტურასთან, ან - დაბრუნდეთ თქვენს ახლობლებთან. ვისაც სურს, შეუძლია ბელარუსში წავიდეს. ჩემი დაპირებები შესრულდება. ვიმეორებ - არჩევანი თქვენია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს იქნება იმ რუსი მებრძოლების გადაწყვეტილება, რომლებმაც საკუთარი ტრაგიკული შეცდომა გაიაზრეს," - თქვა პუტინმა.

მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს გაწეული ძალისხმევისთვის სიტუაციის მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის, თუმცა განმარტა, რომ გადამწყვეტი როლი საზოგადოების ერთიანობამ ითამაშა.

"სამოქალაქო სოლიდარობამ აჩვენა, რომ ნებისმიერი შანტაჟი და შიდა ამბოხის მოწყობის მცდელობა მარცხისთვის არის განწირული," - განაცხადა პუტინმა.

მიმართვის დასრულების შემდეგ კი, როგორც კრემლის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, პუტინი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრას - მათ შორის არიან თავდაცვის მინისტრი შოიგუ და "ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელი" ბორტნიკოვი.

დღის ამბები