პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრის ანა წითლიძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
როგორც წითლიძე განმარტავს, ხელისუფლებას ცვლილებები უნდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი კონტროლი დაამყაროს საარჩევნო კომისიაზე.
"პრეზიდენტის ვეტო მოულოდნელი არ ყოფილა და არის აბსოლუტურად ლოგიკური, იმიტომ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ეს ცვლილებები მიმართულია იმისკენ, რომ ისედაც "ქართული ოცნების" შტაბად ქცეული ცენტრალური საარჩევნო კომისიები და საოლქო საარჩევნო კომისიები, კიდევ უფრო მეტად გააკონტროლოს რუსულმა ოცნებამ.
ამიტომ, განსაკუთრებით მაშინ, როცა 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ვალდებულება არის სწორედ საარჩევნო რეფორმა, ეს ცვლილებები პირდაპირ მიმართულია საარჩევნო რეფორმის დაზიანებისკენ და ეს ცვლილებები არ ემსახურება ასევე, 12-პუნქტიანი ვალდებულების შესრულებას," - აცხადებს ანა წითლიძე.