15 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
სანქციების საკითხებში აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები საქართველოში შეხვედრებს მართავენ

სანქციების საკითხებში აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები საქართველოში შეხვედრებს მართავენ.

თბილსში იმყოფებიან ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’ სალივანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯეიმს ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი. უკვე გაიმართა მოლაპარაკება პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებული დიალოგის ჩამოყალიბებაა.

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებთან და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან უცხოელი სტუმრების შეხვედრა 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ვიზიტის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მხარეებმა შეხვედრის დროს ისაუბრეს. როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ყურადღება გამახვილდა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან მიმართებაში საქართველოს მუდმივი კოორდინაცია ჰქონდა როგორც ევროკავშირთან, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან და ამ შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურები ეფექტურად მუშაობდნენ როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ს წარმომადგენლობასთან.

ევროკავშირის, აშშ-ისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა ასევე შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან. უწყებამ შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმას თუ როგორ მუშაობს საქართველო იმ პირობებში, როდესაც სანქციები არის დაწესებული. ასევე, თუ როგორ ფასდება ეს მუშაობა თავად პარტნიორების მხრიდან.

დღის ამბები