საქართველოში ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელის დევიდ ო’სალივანისა და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლების - ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს და კუმარ იერის ვიზიტს, პოლიტიკოსები აფასებენ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური გზავნილი მმართველი გუნდისთვის.
"ოკუპანტი სახელმწიფო ფაქტობრივად ღიად საუბროს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიების გამოყენება ხდება რუსეთისთვის დაწესებული სანქცოებისთვის თავის არიდების დერეფნად. შესაბამისად, ასეთი მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტებიც ამით აიხსნება. ვხედავთ, რომ ამგვარი საბოტაჟირება ქვეყნის ევროპული მომავლის არის რუსული ოცნების გაცხადებული პრორუსული პოლიტიკა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.
"ქართული ოცნების" განცხადებით, არ არსებობს სანქციების გვერდის ავლის არაცერთი ფაქტი და ეს შეხვედრებზეც დადასტურდება.
"არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენმა უწყებებმა სანქციების გვერდის ავლის მცდელობა აღკვეთეს. ამ კუთხით ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს და ბუნებრივია, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ელჩის, ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტი ამას ემსახურება და აქედან გამომდინარე, ეს ვიზტი ძალიან მნიშვნელოვანია.
დღემდე არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის რამე პრეცედენტი, ბუნებრივია, კომპანიებისა და მაღალჩინოსნების დასანქცირებაზე საუბარი ზედმეტია. მომავალში თუ იქნება მცდელობა, ეს მცდელობებიც აღიკვეთება და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა. ჩვენ აღებული გვაქვს ეს ვალდებულება. მართალია, სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნება გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.