რამდენიმე წუთში ე.წ. სანქციების ჯგუფის წევრები თბილისში გამართულ შეხვედრებს მედიასთან შეაჯამებენ. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’ სალივანი, ჯგუფის წევრებთან ერთად, უკვე შეხვდა პრემიერს, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრებს, ასევე, ბიზნესის წარმომადგენლებს. ამერიკელი და ბრიტანელი დიპლომატების ვიზიტს კიდევ ერთხელ აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ყველაფერზე სპეკულირებას ცდილობს და სინამდვილეში, სახელმწიფო სტრუქტურებმა სანქციების გვერდის ავლის ათეულობით მცდელობა აღკვეთეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნული ფაქტები ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის ცნობილია.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ მომავლისთვის საჭიროა სიფხიზლე და კოორდინაცია საერთაშორისო პარტნიორებთან.
"ჩვენი ოპონენტები ყველაფერზე ცდილობენ სპეკულირებას. სინამდვილეში, სახელმწიფო სტრუქტურებმა აღკვეთეს სანქციების გვერდის ავლის ათეულობით მცდელობა. ეს ფაქტები ცნობილია ჩვენი პარტნიორებისთვის და ამაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა ყველა ეტაპზე ყოველთვის საჭიროა საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაცია და სწორედ ამის გაძლიერებას ემსახურება ვიზიტი. რა თქმა უნდა, ოპონენტები ვიზიტს სპეკულაციებისთვის გამოიყენებენ, თუმცა სასპეკულაციო არაფერია.
ჩვენ გვჭირდება მუდმივი კოორდინაცია საერთაშორისო პარტნიორებთან იმისათვის, რომ არ მოხდეს ქვეყნის ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის.
ათასი სპეკულაცია და ტყუილი გახსოვთ, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია, ასევე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებდნენ, თუმცა ყოველ ჯერზე ფაქტებით დამტკიცდა, რომ ყველაფერი ცარიელი ტყუილი და სპეკულაცია იყო.
სახელმწიფო უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიები გამოყენებული არ იყოს სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, თუმცა მომავლისთვის საჭიროა სიფხიზლე და კოორდინაცია," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.