15 ნოემბერი 2024,   11:56
ვრცლად
ეროვნული ბანკი ცნობილია იმით, რომ საკმაოდ მკაცრად და ზედმიწევნით უწევს მონიტორინგს სანქციების შესრულებას ჩვენს საფინანსო სისტემაში - ნათია თურნავა

სანქციების ჯგუფის წევრების ვიზიტი თბილისში გრძელდება. გაიმართა მოლაპარაკება გენერალურ პროკურატურაში, მანამდე კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფინანსური სანქციების აღსრულებას, რომელიც აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო რუსეთის ფედერაციას დაუწესეს.

ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს იმ თანმიმდევრულ ნაბიჯებზე, რომელიც სანქციებთან სრულ შესაბამისობაშია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად კონტროლდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს.

"ეროვნული ბანკი ცნობილია იმით, რომ საკმაოდ მკაცრად და ზედმიწევნით ამონიტორინგებს სანქციების შესრულებას ჩვენს საფინანსო სისტემაში, ხოლო ჩვენი ბანკები მოწადინებულები არიან, რომ შეასრულონ ყველა რეგულაცია და შეზღუდვა, რაც რუსეთის ფედერაციას რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებასთან ერთად დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა.

ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩვენი სისტემის მდგრადობისთვის, რადგან ჩვენს ბანკებს აქვს საუკეთესო ურთიერთობა სხვადასხვა ამერიკულ და ევროპულ ბანკთან.

ჩვენც აღვუთქვით, რომ განუხრელად გავაგრძელებთ ამ პოლიტიკას, ხოლო ჩვენმა პარტნიორებმა დაპირება მოგვცეს, რომ მეტი ტექნიკური დახმარება იქნება იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მეტი ინფორმაცია და ცოდნა იყოს სანქციების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით," - განაცხადა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

დღის ამბები