რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სანქციების ჯგუფის ამერიკელი და ბრიტანელი წევრის ერთობლივი პრესკონფერენცია. საქართველოში გამართული შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო და ღრმა თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ვიზიტის მიზანი სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა.
"ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი არის გავაგრძელოთ ის თანამშრომლობა რაც გვაქვს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან. განსაკუთრებით მათთან, ვინც არიან წინა ხაზზე და არიან პასუხისმგებლები, რომ ხელი შეუშალონ ისეთი რესურსების უზრუნველყოფას რუსეთისთვის, რაც დაეხმარება მათ, რომ გააგრძელონ აგრესიული ომი უკრაინაში.
ბოლო დღე ნახევრის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ, ასევე, შევხვდით ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და G7-ის პარტნიორებს. ამ ტიპის და ამ დონის შეხვედრები კარგად ასახავს იმ მჭიდრო და ღრმა თანამშრომლობას, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობასთან და სხვადასხვა სააგენტოებთან.
ახლა ორი სიტყვით ვიტყვი ეს ძალისხმევა რატომ არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით საქართველოს მთავრობის მხრიდან. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ხელი შევუშალოთ რომ რუსმა სამხედროებმა, რუსეთმა მიიღოს ის იარაღი, რითაც იგი ახორციელებს ამ აგრესიულ ომს და კლავს ხალხს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე, ბრიტანეთი და ევროკავშირი, ყურადღებას ამახვილებს იმ ელექტრონული მოწყობილობების სახეობაზე, რაც გამოიყენება ამ მიზნებისთვის. ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად ამ მიმართულებას გულისხმობს. გეტყვით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შევაჩეროთ ყველანაირი ტიპის ვაჭრობა, ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსულ საკვებზე, სასუქზე, ან ფართო მოხმარების საქონელზე. არ ვაწესებთ სანქციებს იმისათვის, რომ ამ საქონელმა მიაღწიოს ფართო ბაზარს. გრძელდება ეს ვაჭრობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ ისეთ ნივთებზე და საქონელზე, რაც შეიძლება გამოყენებული იქნას ბრძოლის ველზე. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი მსჯელობა და დისკუსია ამ პერიოდის განმავლობაში და ეს არის ნაწილი იმ მჭიდრო თანამშრომლობისა რაც ჩვენ გვაქვს," - განაცხადა ო’ბრაიანმა.