ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოს დაკარგვა, ქართველი ხალხის კვლავ იმედის გაცრუება და რუსეთისთვის "სათამაშოდ" მარტივი ადგილის მიცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა უკრაინის ომზე და საფრთხეებზეც.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც პუტინი ვერ მართავს ომს უკრაინაში, საქართველოზე სამხედრო ზეწოლის საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა, შესაძლოა საქართველოში გამოცადოს "რბილი ძალა".
"ნატო-სთან ჩვენი კავშირი ძალიან ახლოა, მაგრამ დღეს ევროკავშირის გზა, ალბათ, უფრო ახლოს ჩანს, ვინაიდან, უკრაინამ ფაქტობრივად დააჩქარა ასოცირებული ტრიოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ გზა. ევროკავშირი გადამწყვეტ მომენტშია, საქართველოს სჭირდება წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღება. პერსპექტივა მოგვცეს, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან, ეს ნიშნავდა, რომ გეოგრაფია საქართველოსთვის ხელის შემშლელი ფაქტორი აღარ არის, როგორც ეს ბევრი წლის განმავლობაში იყო. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მიღებაა და ამ "რბილ ომში", რომელიც რუსეთთან გვაქვს, ვფიქრობ, ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოს დაკარგვა, ქართველი ხალხისთვის კვლავ იმედის გაცრუება და რუსეთისთვის "სათამაშოდ" მარტივი ადგილის მიცემა. ასე რომ, ეს ძალიან სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც, რა თქმა უნდა, დემოკრატიულ რეფორმებსა და პროცესს ითვალისწინებს, რომელიც ბოლო პერიოდში ისეთი დამაკმაყოფილებელი არ არის, როგორიც უნდა იყოს. მაგრამ, ეს პირობები შეიძლება დარჩეს, შეიძლება დაემატოს, ბევრი შესაძლებლობა არსებობს, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირმა შეიძლება სწორი სიტყვები და ფორმატი შეარჩიოს," - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.