15 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი, ნუ დაავიწყდება, რომ ესეც ძალადობაა, როცა უშვერი სიტყვებით ლანძღავს ქვეყნის ღირსებას, ეს რისკები უნდა გაზომოს - ალუდა ღუდუშაური მიშა მშვილდაძეზე

ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელ, მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ალუდა ღუდუშაური ეხმაურება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, მმართველი გუნდი ძალადობას გმობს, თუმცა ამბობს, რომ ძალადობაა ისიც, როდესაც "უშვერი სიტყვებით ლანძღავს ქვეყნის ღირსებას."

"მიშა მშვილდაძეს რაც შეეხება, ზოგადად ერთი რამ მკაფიოდ მინდა ვუთხრა ყველას, რომ რა თქმა უნდა, ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი. ნუ დაავიწყდება, რომ ესეც ძალადობაა, როდესაც ის უშვერი სიტყვებით ლანძღავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას და ეხება ჩვენი ქვეყნის ღირსებას, ბუნებრივია, რომ მან ეს რისკები უნდა გაზომოს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჩვენთვის ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ყოველგვარი ძალადობა, და როდესაც ის ძალადობს და იმუქრება, რომ ახლა თურმე რაღაც სასწაულებს ჩაიდენს და იქიდან რაღაცებს კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ამ ლანძღვა-გინებას, მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს," - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ყველა ორგანიზებული თავდასხმის უკან ხელისუფლება იყო. 

"რაც შეეხება ძალადობას, არავინ არ იფიქროს, რომ ძალის ნიშანია, ეს არის სისუსტის ნიშანი. ვერაფერს სთავაზობს ქართული ოცნება მოქალაქეს, ძალიან კარგად გრძნობს ის უსუსურობას, ქუჩაში ვერ დადიან თვითონ დამოუკიდებლად მარტო, ხალხში და უნდათ, რომ გააჩინონ განცდა, რომ ოპოზიციასაც ეშინია და ოპოზიციასაც ესხმის ვინმე თავს. ყველა ამ ორგანიზებული თავდასხმის უკან იყო ხელისუფლების ხელი," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები