სანქციების ჯგუფის ვიზიტთან დაკავშირებით, პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, მთავარი, რაც შეხვედრაზე ითქვა, იყო ის, რომ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ხედავენ უზარმაზარ საფრთხეს, რომ საქართველო გახდეს რუსეთზე დაკისრებული სანქციების თავის არიდების დერეფანი
"მთავარი, რაც მოვისმინეთ ამ ბრიფინგზე, იყო ის, რომ დასავლეთი, კერძოდ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ხედავენ უზარმაზარ საფრთხეს, რომ საქართველო გახდეს რუსეთზე დაკისრებული სანქციების თავის არიდების დერეფანი. ეს საფრთხე ღიად დააფიქსირეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარის თქმით, მხოლოდ ის, რომ ქვეყანა სკანდალში არ აღმოჩნდა, პოზიტიურ გავლენას ვერ მოიტანს. მან ასევე აღნიშნა, რომ ვიზიტი არა პოლიტიკური, არამედ ტექნიკური უფრო იყო.
"ეს არ იყო პოლიტიკური ვიზიტი, მგონია, რომ ეს იყო ტექნიკური ვიზიტი იმ ხალხის, რომელსაც ევალება თვალი ადევნოს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულებას. შესაბამისად, მათ საჭიროდ არ მიიჩნიეს, ეთქვათ იმაზე მეტი, რაც თქვეს და კარგია, რომ ჩვენ კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში არ აღმოვჩნდით. თუმცა, რომ გითხრათ, რომ ეს უზარმაზარ პოზიტიურ გავლენას მოიტანს ქვეყნისთვის, ნაკლებად მგონია,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სანქციების ჯგუფის ვიზიტი საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. ჯგუფის წევრები შეხვედრებს მართავენ, როგორც სახელისუფლებო გუნდთან, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.