ის ძალები, რომლებიც ამტკიცებენ თავიანთ "დემოკრატიულობას", "პროგრესულობასა" და "პროდასავლურობას", იყენებენ მიუღებელ პოლიტიკურ ტაქტიკას, რომელიც ყველაზე არადემოკრატიული და რეგრესული ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის, და პოლიტიკური იდეოლოგიების ინსტრუმენტს წარმოადგენს. აღნიშნული ტაქტიკის საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გამოყენება უსამართლო, დამაზიანებელი და ამორალურია - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში წერს.
მისი თქმით, "კორუმპირებული ხელისუფლების" დაპირისპირება "სუფთა ხალხთან" და, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მტკიცება, რომ არსებობს მთავრობის შეცვლის "საყოველთაო ნება", ზუსტად შეესატყვისება თანამედროვე პოპულიზმის არსს.
"პრორუსული", "კორუმპირებული" და "უნიათო" მთავრობის ვირტუალურ განცალკევებას ხალხის მისწრაფებებისგან სხვა წყაროც აქვს: წმინდა წყლის პოპულიზმი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე არამიმზიდველი პოლიტიკური ძალის გამორჩეული ტაქტიკაა.
"კორუმპირებული ხელისუფლების" დაპირისპირება „სუფთა ხალხთან“ და, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მტკიცება, რომ არსებობს მთავრობის შეცვლის „საყოველთაო ნება“, ზუსტად შეესატყვისება თანამედროვე პოპულიზმის არსს. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ პოპულიზმი მსოფლიოში დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა.
ამრიგად, პარადოქსის მომსწრენი ვართ: ის ძალები, რომლებიც ამტკიცებენ თავიანთ „დემოკრატიულობას“, „პროგრესულობასა“ და „პროდასავლურობას“ იყენებენ მიუღებელ პოლიტიკურ ტაქტიკას, რომელიც ყველაზე არადემოკრატიული და რეგრესული ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის, და პოლიტიკური იდეოლოგიების ინსტრუმენტს წარმოადგენს. აღნიშნული ტაქტიკის საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გამოყენება უსამართლო, დამაზიანებელი და ამორალურია.
პირველი, უსამართლოა იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა გამოირჩევა საჯარო სექტორის კეთილსინდისიერებით და დიდი ხანია, ძალისხმევას არ იშურებს დასავლეთში ინტეგრაციისთვის.
არსებითად ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული რეიტინგის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე მთავრობა ჰყავს. აგრეთვე, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავრობამ უზრუნველყო საქართველოს დაახლოება ნატოსთან, წარმატებით წარმართა მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე თავისუფალი ვაჭრობის სივრცესთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლა მიიღო და მიაღწია ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარებას.
მიმდინარე წლის ბოლოს ევროპული საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსსაც. საქართველოს მთავრობამ, ასევე, განახორციელა მრავალმხრივი დემოკრატიული, ლიბერალური და პროგრესული რეფორმები. მათ შორისაა, მაგალითად, უმცირესობების დასაცავად ანტიდისკრიმინაციული კანონის შემოღება, რაც ვერც ერთმა წინა მთავრობამ ვერ შეძლო" - წერს შალვა პაპუაშვილი.