მივესალმებით საქართველოში განხორციელებულ ბოლო ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას - განცხადება შარლ მიშელმა ბრიუსელში გააკეთა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ რეკომენდაციების შესრულება გადამწყვეტი იქნება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ორი დღის განმავლობაში ბრიუსელში იმსჯელებენ რუსეთში არსებულ ვითარებაზე, უკრაინის დახმარებასა და იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირის თავდაცვის და უსაფრთხოების დღის წესრიგი.
"ევროკომისია ანგარიშს ზაფხულის შემდეგ გამოაქვეყნებს. გაფართოების ამ ანგარიშის საფუძველზე ევროპული საბჭო გადაწყვეტილებებს წლის ბოლომდე მიიღებს, ალბათ, დეკემბერში.
ჩვენ მივესალმებით საქართველოში განხორციელებულ ბოლო ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, მაგრამ ვნახოთ, როგორი იქნება ანგარიში ზაფხულის შემდეგ.
ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე. რეკომენდაციების შესრულება გადამწყვეტი იქნება, რათა ევროპულ საბჭოს მიეცეს გადაწყვეტილებების მიღების საშუალება საქართველოსთან დაკავშირებით წლის ბოლომდე,"- შარლ მიშელი.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატოს სამიტზე უკრაინის წევრობაზე ისაუბრებენ.
"ნატოს სამიტზე ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინის წევრობის მისწრაფებებზე. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს მოკავშირეები უკრაინას მხარდაჭერის ძალიან ძლიერ გზავნილს გაუგზავნიან. ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ნატოს ყველა მოკავშირე თანახმაა, რომ ნატოს კარი ღიაა. ამას ადასტურებს ბოლო დროს ფინეთისა და შვედეთის მოწვევა ალიანსის წევრებად. ჩვენ ასევე ვეთანხმებით, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და ვეთანხმებით, რომ ეს არა რუსეთის , არამედ ნატოს მოკავშირეების და უკრაინის გადასაწყვეტია, თუ როდის არის შესაფერისი დრო უკრაინის გაწევრიანებისთვის . მივესალმები ევროკავშირს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც უპრეცედენტოა უკრაინის მიმართ. ჩვენი მიზანია ვიმსჯელოთ თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ უკრაინა . აჯანყება, რომელიც შაბათ-კვირას ვნახეთ, მეტყველებს იმაზე, რომ რუსულ სისტემაში არის ბზარები და განხეთქილება," - სტოლტენბერგი.