15 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
სანქციების ჯგუფის ვიზიტი საქართველოში - ვინ როგორ აფასებს საერთაშორისო სანქციების ჯგუფის დასკვნას

ქვეყნის წარმატება - ასეთია აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიცია სანქციების მონიტორინგის ჯგუფის შეფასებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დელეგაცია ადგილზე გაეცნო, თუ როგორ ასრულებს საქართველო საერთაშორისო სანქციებს და როგორ უზრუნველყოფს, რომ ქვეყნის ტერიტორია რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლის სივრცედ არ იქცეს. ილია დარჩიაშვილის თქმით, ოპოზიციის და მათი მოკავშირეების მოლოდინი არ გამართლდა და უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების ერთგულია.

სანქციების შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები 2 დღის განმავლობაში, პირადად აცნობდნენ საერთაშორისო კოორდინატორთა ჯგუფს იმ სამუშაოებს, რასაც სახელმწიფო აღებული ვალდებულების პირობებში ასრულებს. მინისტრთა კაბინეტის წევრების განცხადებით, პირისპირ შეხვედრებზეც და საბოლოო შეფასების დროსაც დადასტურდა, რომ სანქციებთან დაკავშირებით, საქართველოს, ამერიკას, ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის განსხვავებული პოზიციები არ არსებობს.

ხელისუფლების ოპონენტები პოზიციას არ იცვლიან. მონიტორინგის ჯგუფის შეფასება ოპოზიციის ნაწილისთვის დამაჯერებელი არ არის. ამტკიცებენ რომ დელეგაციის წევრებმა საჯარო არ გახადეს დახურულ შეხვედრებზე განხილული საკითხები.

ოპოზიციის მარცხად აფასებს ”ქართული ოცნება” საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას. მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებით, ოპონენტები სიცრუით ცდილობდნენ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის და სახელმწიფო ინტერესის დაზიანებას. სწორედ დეზინფორმაციულ კამპანიას ასახელებს პარლამენტის თავმჯდომარე იმის მიზეზადაც, რომ როგორც სანქციების ასევე მიხეილ სააკაშვილის თემა ევროპარლამენტის რეზოლუციებში მოხვდა.

რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების თანაავტორების ვიზიტი დასრულებულია. მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა შეხვედრების შედეგებზე შემაჯამებელი განცხადებები გააკეთეს. სანქციების კოორდინატორების შეფასებით-საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს რომ, ქვეყანა სანქციებისთვის გვერდის ავლის პლატფორმად არ იყოს გამოყენებული. საუბარია როგორც 38 დასახელების საქონლის,ასევე ფინანსური სანქციების კონტროლზე.

საქართველოში ვიზიტამდე მონიტორინგის ჯგუფის წევრები დაახლოებით 5 ქვეყანაში იმყოფებოდნენ. სანქციების კოორდინატორები თბილისიდან ერევანში გაემგზავრნენ.

დღის ამბები