ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას მართავს. საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირე 4 ივლისს 247 წლის გახდება.
ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს ამერიკის დღე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ დგას შეერთებულ შტატებთან.
"მთელი ისტორიის განმავლობაში თქვენი ქვეყანა ამაყად ატარებდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩირაღდანს, რაც ბრწყინვალე მაგალითს აძლევდა მსოფლიოს. შეერთებული შტატები გამუდმებით იცავდა ადამიანის საყოველთაო უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ხელს უწყობდა განვითარებასა და პროგრესს, მხარს უჭერდა კანონის უზენაესობას, რითაც თავის კვალს ტოვებდა მსოფლიო ისტორიაში.
ჩემთვის დიდი სიამოვნებაა დღეს აქ ყოფნა და ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების გულწრფელი მოლოცვა თქვენთვის და ამერიკელი ხალხისთვის.
მთელი ისტორიის განმავლობაში თქვენი ქვეყანა ამაყად ატარებდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩირაღდანს, რაც ბრწყინვალე მაგალითს აძლევდა მსოფლიოს. შეერთებული შტატები გამუდმებით იცავდა ადამიანის საყოველთაო უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ხელს უწყობდა განვითარებასა და პროგრესს, მხარს უჭერდა კანონის უზენაესობას, რითაც თავის კვალს ტოვებდა მსოფლიო ისტორიაში.
საქართველო, ქართველი ხალხი, როგორც ამაყი და თავისუფლების მოყვარული ერი, იზიარებს თავისუფლებისა და დემოკრატიის იგივე ღირებულებებსა და პრინციპებს, რაც ჩვენს მტკიცე მეგობრობას განაპირობებს. ამ გამოწვევებით აღსავსე დროს, ჩვენს მჭიდრო პარტნიორობასა და ერთიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ გლობალურ დონეზე. საქართველო მტკიცედ დგას შეერთებულ შტატებთან, ისევე როგორც ჩვენს პატივცემულ საერთაშორისო პარტნიორებთან, რადგან ერთად ვიცავთ ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს საერთაშორისო საზოგადოებას," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მტკიცე მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე დაწინაურებაში.
"მეგობრებო, ჩვენი ერის უახლესი ისტორია ჩვენი ძვირფასი თავისუფლების დასაცავად წარმოებულ ომებს მოიცავს. უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებსაც დღეს ვაწყდებით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას ჩვენი ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის კუთხით. მადლიერება მინდა გამოვხატო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის იდეის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ ჩვენი ძვირფასი პარტნიორების ურყევი მხარდაჭერით, შეგვიძლია რეალობად ვაქციოთ მშვიდობიანად გაერთიანებული საქართველო და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციასთან დაკავშირებული მისწრაფებები.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მტკიცე მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ჩვენი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე დაწინაურებაში. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, საქართველო შეერთებული შტატების მტკიცე და ერთგული პარტნიორია ამ რეგიონში. ქართველი სამხედროები ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ და ერთად იცავდნენ გლობალურ უსაფრთხოებას და საერთაშორისო წესრიგს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
ნება მომეცით, ქართველი ხალხის და ჩემი მთავრობის სახელით, გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისადმი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების მტკიცე მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ვაჭრობისა და კომერციის მიმართულებით აუთვისებელი პოტენციალი აქვთ. მოუთმენლად ველით ახალი შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ბიზნესისთვის, მხარს ვუჭერთ ამერიკული კაპიტალის შემოდინებას და საქონლის მიმოქცევას ჩვენი ქვეყნის მიმართულებით და პირიქით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისი უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ მიზნების მიღწევაში და კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ერებს.
უნდა აღვნიშნო, რომ შეერთებულმა შტატებმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სხვადასხვა სფეროს - მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ ჯანდაცვისა და განათლების სისტემების - გაუმჯობესებაში. დიდად ვაფასებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირებული საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების შეთავაზებას. ხალხთა შორის თანამშრომლობის მხარდაჭერით, ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი და გრძელვადიანი პარტნიორობის ხელშეწყობის მნიშვნელობას.
მეგობრებო, ყველასთვის ცნობილია, რომ ელჩი დეგნანის მოღვაწეობა საქართველოში თითქმის დასრულებულია და მინდა გამოვიყენო ეს მომენტი და მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს გულმოდგინე და დაუღალავი ძალისხმევისთვის ჩვენს ერებს შორის ორმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობისა და გაღრმავების საქმეში. ქალბატონო ელჩო, მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო და ულევი წარმატება მომავალ საქმიანობაში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით თქვენი ხილვით საქართველოში!
კიდევ ერთხელ, ქალბატონო ელჩო და ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მილოცვა ამ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულთან დაკავშირებით. მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს დიდი ამერიკელი ერის მეგზური მუდამ!
ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს საქართველო!," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.