"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მათი პარტია პენსიონერებთან შეხვედრისას ახალ ინიციატივებზე საუბარს ცდილობდა, ხოლო მოქალაქეებთან შეხვედრის ჩაშლა "ქართული ოცნების" წევრებმა სცადეს.
მისივე თქმით, მოქალაქეები, რომლებიც კასპში "ნაციონალური მოძრაობის" ჩასვლას აპროტესტებდნენ, სინამდვილეში, ხაშურიდან, კასპიდან, ქარელიდან ჩამოსული საკრებულოს, მერიის და სხვადასხვა აიპიების წევრები იყვნენ.
"ჩვენი, "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზება არის, რომ საპენსიო ასაკმა დაიწიოს, გახდეს 60 წელი და მინიმალური პენსია იყოს 400 ლარი. აი, ამის ფონზე, ჩვენ ვხედავთ "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრებს, აიპის თანამშრომლებს კასპის, გორის, ხაშურის, ქარელის, არ ეყოთ კასპი და შესაბამისად, არც ტიტუშკების მობილიზების შესაძლებლობა არ აქვთ, თავად გახდნენ უკვე ტიტუშკები, საკრებულოს წევრები, მერიის, აიპის თანამშრომლები და ასე ცდილობენ, რომ ან შეხვედრა ჩაშალონ, ან კონკრეტულ ინიციატივაზე ვერ ვისაუბროთ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, აუცილებლად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას,"- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ძალადობრივი გზით ცდილობს ფონს გასვლას და ძალაუფლების შენარჩუნებას.
"დღეს რასაც საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, ეს არის დასტური იმისა, როგორ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვსაუბრობდით პენსიონერებთან ჩვენს ახალ ინიციატივაზე, რომელიც ეხება საპენსიო ასაკის დაწევას, პენსიის მომატებას და ჩვენი ღირსეული, ღვაწლმოსილი ხალხის, პენსიონერების გათავისუფლებაზე იმ მძიმე უღლისგან, რომელიც დაადგათ საბანკო ოლიგარქიამ მათ. "ქართული ოცნება" არის მოსული, გადასული ბილწსიტყვაობაზე, გადასულია აგრესიაზე და ესაა სხვაობა. საზოგადოებამ შეაფასოს, რა ტიპის ქვეყანაში უნდა ცხოვრება, ამ ხალხის ქვეყანაში, რომლებიც გინებით, შეურაცხყოფით, ფიზიკური დაპირისპირებით ცდილობენ ფონს გავიდნენ და შეინარჩუნონ ძალაუფლება, თუ ქვეყანაში, სადაც ღირსეული სიბერე გარანტირებული ექნებათ,"-აცხადებს დავით კირკიტაძე.