სამოქალაქო აქტივისტებს მოვუწოდებდი, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ ხაბეიშვილს, კი არ მივიდნენ და რაღაც აქციები ჩაატარონ, მოუფრთხილდნენ ხაბეიშვილს იმიტომ, რომ ის არის ჩვენთვის ძალიან სერიოზული კოზირი. ის არის "მისი უკეზერესობა", ბატონი ხაბეიშვილი - მოსაფრთხილებელი კაცია, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კასპში მოსახლეობასთან შეხვედრისას, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ლევან ხაბეიშვილს ავტომობილი დაუზიანეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ადამიანები, რომლებიც კასპში ხაბეიშვილის შეხვედრის ჩასაშლელად მივიდნენ "სამოქალაქო აქტივისტები" არიან და არანაირი კავშირი არ აქვთ "ქართულ ოცნებასთან".
მისი თქმით, "სამოქალაქო აქტივიზმი" ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, NGO-ებმა, კონკრეტულმა უცხოელმა დეპუტატებმა დაარქვეს.
"ამას ჰქვია სამოქალაქო აქტივიზმი. კონკრეტულმა ადამიანებმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, NGO-ებმა, კონკრეტულმა უცხოელმა დეპუტატებმა დაარქვეს ამას სამოქალაქო აქტივიზმი. თუ ეს სამოქალაქო აქტივიზმია, მაშინ რა არის პრობლემა? ჩვეულებრივად შეეგუონ ამ სამოქალაქო აქტივიზმს. თუ სამოქალაქო აქტივიზმი მიდის, რაღაცის ჩაშლა უნდა, ეს არის მათი საქმე. მაგრამ მე მაქსიმალურად მოვუფრთხილდებოდი ხაბეიშვილს იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი კოზირი, იმიტომ, რომ ის ძალიან კარგად აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახეს. რაც მეტი ხაბეიშვილი იქნება „ნაცმოძრაობაში“, მით უკეთესი. სამოქალაქო აქტივისტებს მოვუწოდებდი, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ ხაბეიშვილს, კი არ მივიდნენ და რაღაც აქციები ჩაატარონ, მოუფრთხილდნენ ხაბეიშვილს, იმიტომ, რომ ის არის ჩვენთვის ძალიან სერიოზული კოზირი. ის არის "მისი უკეზერესობა", ბატონი ხაბეიშვილი - მოსაფრთხილებელი კაცია. სამოქალაქო აქტივისტები როცა სადღაც მიდიან, შეეგუონ სამოქალაქო აქტივიზმს, "ქართული ოცნება" აქ არაფერ შუაშია,"-განაცხადა კობახიძემ.