ომი უკრაინაში არ არის მხოლოდ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის უზარმაზარი გამოწვევები, რომელიც ცვლის მთლიანად მსოფლიო დღის წესრიგს და როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ ხვალ, ზეგ, ან სამი წლის შემდეგ, არავის შეუძლია ამის წინასწარმეტყველება, – ამის შესახებ "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთ დროს იმ ქვეყნის ხელისუფლებისთვის, რომელიც გეოპოლიტიკურად ყველაზე რთულ სივრცეში ცხოვრობს, უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, შეინარჩუნოს მშვიდობა.
"პრემიერმა თქვა, ურთულეს პერიოდში ვცხოვრობთ, მსოფლიო დღის წესრიგი იცვლებაო. მსოფლიო დღის წესრიგი კი არა, მსოფლიო იცვლება, დღეს ისეთი ამბავი ხდება. უკრაინაში მიმდინარე ომი არ არის მხოლოდ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის უზარმაზარი გამოწვევები, რომლებიც ცვლის მთლიანად მსოფლიო დღის წესრიგს. როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ ხვალ, ზეგ, გაისად ან სამი წლის შემდეგ, დღეს ამის წინასწარმეტყველება არავის შეუძლია. რა არის ამ დროს უმნიშვნელოვანესი ამოცანა, განსაკუთრებით იმ ქვეყნის ხელისუფლებისთვის და იმ ქვეყნისთვის, რომელიც გეოპოლიტიკურად ყველაზე რთულ სივრცეში ცხოვრობს? ეს არის, როგორმე შეინარჩუნოს მშვიდობა. ამაზე დიდი ამოცანა დღეს საქართველოს არ აქვს და ამას სჭირდება დღეს ყველაზე დიდი ძალისხმევა. პრემიერმა დღეს ბევრი ილაპარაკა ეკონომიკურ ზრდაზე, მაღალ ციფრებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, ილაპარაკა განსახორციელებელ თუ განხორციელებად სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც დღეს ქვეყანაში ხდება. ეს მართლაც შთამბეჭდავი ციფრებია, მაგრამ ყველაფერი ერთ წუთში დარჩება წარსულში, როგორც კი პირველი ტყვია გავარდება. ტყვია გავარდება და ქვეყანა იცვლება, ტყვია გავარდება და უკვე სხვა სამყაროში ვიწყებთ ცხოვრებას, სადაც სხვა წესები მოქმედებს, ის წესები, რომლებიც ჩვენ აღარ გვემორჩილება, რომელსაც ჩვენ ვეღარ ვმართავთ. ამიტომ დღეს უმთავრესი ამოცანა არის, როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობა,"- განაცხადა სოზარ სუბარმა.