15 ნოემბერი 2024,   19:05
ვრცლად
სტატუსის მინიჭება პოლარიზაციას ვერ დაასრულებს, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებას შეიტანს საერთო  პოლიტიკურ გარემოში - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევრო-რეკომენდაციების 12 პუნქტთან დაკავშირებით მედიასთან შეხვედრისას ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტ ნინო შუბლაძის კითხვებს.

ერთ-ერთი მთავარი, რეკომენდაციების შესრულებისას, ქვეყანაში დეპოლარიზაციის მიღწევაა. როგორ აისახება სტატუსის მიღება ან არ მიღება დეპოლარიზაციის კუთხით - ეს იყო "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის ნინო შუბლაძის ერთ-ერთი შეკითხვა.

- სტატუსის არ მოცემის შემთხვევაზე საუბრობდით და მიღების შემთხვევაში ძალიან ხშირად გვესმის, რომ დეპოლარიზაცია დაიწყება სტატუსის მიღების შემთხვევაში, გაქვთ თუ არა ასეთი მოლოდინი? თქვენს პრეზენტაციაში ვნახეთ, მოთხოვნებშია, რომ მაგალითად საპარლამენტო ზედამხედველობა უნდა გაეწიოს დეპოლარიზაციის კუთხით და ამ დროს პარლამენტი არის ყველაზე მწვავე დაპირისპირების ცენტრი; იგივე უხეში რიტორიკის დასრულება - ესეც მოთხოვნებშია. რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ უხეში რიტორიკა დასრულდეს, იმიტომ, რომ ორმხრივად გვესმის ჩვენ ასეთი განცხადებები - თქვენი და ოპოზიციის მხრიდანაც. როდესაც საარჩევნო ციკლში შედის ქვეყანა, დეპოლარიზაციის დასრულებას ელოდებით თუ არა სტატუსის მიღების შემთხვევაში? 

კითხვაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სტატუსის მინიჭება პოლარიზაციას ვერ დაასრულებს, მაგრამ შეიტანს ფუნდამენტურ ცვლილებას საერთო პოლიტიკურ გარემოში.

რაც შეეხება უხეშ რიტორიკას, კობახიძის განცხადებით, ეს ძალიან რთული საკითხია, ცალმხრივად ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, როდესაც მეორე მხარე - ოპოზიცია, ხან პრორუსულს გეძახის, ხან რუსულს, ხან პუტინისტს. მისივე განმარტებით, პასუხი არ გასცე ამ ყველაფერს, შეუძლებელია. 

"რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის კავშირს დეპოლარიზაციასთან, რა თქმა უნდა სტატუსის მინიჭება, დასრულებით როგორც ასეთი პოლარიზაციას ვერ დაასრულებს, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებას შეიტანს საერთო პოლიტიკურ გარემოში.

თქვენ ხედავთ, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მთავარი თემა, რაზეც რადიკალური ოპოზიცია აგებს პოლარიზაციის კამპანიას, არის სწორედ კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან თემასაც კი იყენებენ ბოროტად იმისთვის, რომ გააღვივონ პოლარიზაცია და ეს არის მთავარი ინსტრუმენტი მათ ხელში, რომლითაც აღვივებენ პოლარიზაციას.

კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის ავტომატურად შეცვლის ამ მდგომარეობას. ვერ დაასრულებს ბოლომდე პოლარიზაციას, მაგრამ არსებით ცვლილებას შეიტანს იმ მდგომარეობაში, რაც დაკავშირებულია პოლარიზაციასთან და ამ კუთხით უნდა გვქონდეს ჩვენ იმედი, რომ მოგვენიჭება საბოლოო ჯამში კანდიდატის სტატუსი.

რაც შეეხება უხეშ რიტორიკას, ძალიან რთული საკითხია, ცალმხრივად ამ პრობლემას ვერ მოაგვარებ, როდესაც მეორე მხრიდან, ოპოზიციაზე ვსაუბრობ, ხან პრორუსულს გეძახიან, ხან რუსულს, ხან პუტინისტს და ა.შ. პასუხი არ გასცე ამ ყველაფერს, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია რთული საკითხია პრობლემის მოგვარება.

ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ სუბიექტურადაც დაინტერესებულია ნებისმიერი ხელისუფლება ნებისმიერ ქვეყანაში, რომ არ ჰქონდეს ქვეყანაში პოლარიზაცია და მშვიდად მართოს 4 წლის განმავლობაში ქვეყანა. ეს არის არა მარტო რაღაც ობიექტური ინტერესი, არამედ ხელისუფლების სუბიექტური ინტერესია. სიმშვიდე არის სუბიექტურად ხელისუფლების ინტერესებში.

აქედან გამომდინარე, ნათელია ვის აწყობს პოლარიზაცია. რეალურად რასაც ეძახიან პოლარიზაციას, სინამდვილეში არის რადიკალიზმი. პოლარიზაცია არის ტერმინი, რომელიც პასუხისმგებლობას უბრალოდ ანაწილებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. სინამდვილეში პრობლემა არის რადიკალიზმი," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები