უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ელჩი უნდა დაბრუნდეს თბილისში და კონსულტაციები გაიაროს საქართველოს ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე, ირაკლი კობახიძე ეხმაურება.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში არის ადამიანი, რომელიც ომის დაწყების პირველი დღიდან დარჩა კიევში, განსხვავებით ბევრი სხვა, მათ შორის უკრაინის სტრატეგიული პარტნიორების ელჩებისგან.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის თემაზე ყოველგვარი კონსულტაციები გამორიცხულია. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების ეს ნაბიჯი სამწუხაროა, თუმცა ქართული მხარე არ აპირებს ამ ფაქტზე რეაგირებას.
"ჩვენი ელჩი უკრაინაში არის ის ადამიანი, რომელიც ომის დაწყების პირველი დღიდან დარჩა კიევში, განსხვავებით ბევრი სხვა ელჩისგან. მათ შორის უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებისგან და ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ტანკები მიმდგარი იყო კიევს, რჩებოდა კიევში, უკრაინის დედაქალაქში და ზრუნავდა ბევრ რამეზე, ჰუმანიტარული კუთხით, პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით მისი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გათვალისწინებით, უკრაინის ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის შეურაცხმყოფელი, ძალიან დასანანი და სამწუხარო. თუმცა, ამის მიღმა ჩვენ არ ვაპირებთ არც კომენტარებით რეაგირებას. გვირჩევნია, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.