"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართლებრივი თვალსაზრისით, 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა. მისივე განცხადებით, 7-8 მარტს, როდესაც პარლამენტზე ძალადობრივი შტურმი ხორციელდებოდა, მაშინ ორგანიზებული იყო შეკრება. ირაკლი კობახიძის თქმით, თუ დაბალი სტანდარტით გავყვებით, პირველი გიორგი ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერებია დასაჭერი.
მისივე თქმით, ორგანიზება ნიშნავს, როდესაც ამბობენ, "წავიდეთ კონკრეტულ ადგილზე და კონკრეტულ ადამიანზე ვიძალადოთო, [5 ივლისს] კი ასეთი არ იყო".
"სამართლებრივად, ორგანიზატორების იდენტიფიცირება აქამდე შეუძლებელი იყო. არ დგინდება არცერთი ფაქტი, სადაც დანაშაულის ორგანიზება მოხდა. ორგანიზატორი არ იკვეთება. როდესაც ვიღაცები საუბრობენ, რომ ორგანიზატორები დაისაჯონ, მაშინ უნდა თქვან, სამართლებრივად ვინ იყო ორგანიზატორი.
მინდა, შეგახსენოთ, რომ 7-8 მარტს, როდესაც პარლამენტზე ძალადობრივი შტურმი ხორციელდებოდა, მაშინ პირდაპირი მოწოდებები იყო, ორგანიზებული იყო შეკრება და მეტიც, მოუწოდეს ადამიანებს, რომ ალყა უნდა შემოერტყათ პარლამენტის შენობისთვის. ამ ალყას მოჰყვა პირდაპირი ძალადობრივი აქტები. თუ ჩვენ დაბალი სტანდარტით გავყვებით, პირველი არის დასაჭერი გიორგი ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები, მაგრამ ეს დაბალი სტანდარტია და ძალიან სარისკოა. იმის თქმა მინდა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა. ყოველ შემთხვევაში, დღემდე სამართლებრივი მოცემულობა ესაა. თუ რამეს დაადგენს პროკურატურა, არ ვიცი.
დანაშაულის ორგანიზატორი ნიშნავს რას - მაგალითად, კოკა მორგოშიას რომ მოეწოდებინა კონკრეტული ადამიანებისთვის, წადით ამა და ამ ადგილას და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეთ ამა და ამ ადამიანსო. ორგანიზატორი ნიშნავს, წავიდეთ კონკრეტულ ადგილზე და ვიძალადოთ კონკრეტულ ადამიანზე - ასეთი [მოწოდება] არ იყო," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება წელს, "პრაიდის კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს, კობახიძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
"სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება. გახსოვთ, სამწუხაროდ, როგორ წარიმართა 5 ივლისს მოვლენები. სპონტანური ძალადობა იყო და ამიტომ გაუჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება. ამას ობიექტური რეაგირება ჰქონდა. მაგრამ, მაგალითად, მეორე დღეს, როდესაც ადვილი იყო მოვლენების პროგნოზირება, არ იყო სპონტანური ძალადობა, იქ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლომდე დაიცვა ადამიანების უსაფრთხოება. ახლაც იმართება გარკვეული ღონისძიებები კვირეულის ფარგლებში. იქაც შინაგან საქმეთა სამინისტრო თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ბუნებრივია, თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობით ისარგებლებს ყველა უწყება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, „"ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები "პრაიდის კვირეულის" გამართვას გეგმავდნენ, თუმცა მსვლელობის დაწყებამდე რუსთაველის გამზირზე კონსერვატიულმა ჯგუფებმა ტერიტორია დაიკავეს. მათ მედიის წარმომადგენლებზე და გამვლელებზე ფიზიკურად იძალადეს. სხვადასხვა ბრალდებით შსს-მ 27პირი დააკავა. საქმეს 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია.