15 ნოემბერი 2024,   19:02
ვრცლად
დღეს, როცა გვესმის, რომ ნატოში გვექნება მოწვევა მაშინ, როდესაც უსაფრთხოების ზომები საშუალებას მოგვცემს, მინდა ჩვენს პარტნიორებთან განვიხილო ეს ყველაფერი და ვიბრძოლოთ ამისთვის - ზელენსკი

ნატოს სამიტის მეორე დღე - ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები უკვე შეიკრიბნენ. დახურულ კარს მიღმა ლიდერების მოლაპარაკება დღესაც გრძელდება. მედიასთან გამოჩნდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

"ჩვენს დღის წესრიგში გვაქვს სამი პრიორიტეტული საკითხი. პირველი არის ახალი იარაღის პაკეტები ჩვენი არმიის მხარდასაჭერად ბრძოლის ველზე; მეორე, ნატოში მოწვევა. ჩვენ გვსურს, ყველა გაგებით, ვიყოთ ყველასთან თანასწორი. დღეს, როცა გვესმის, რომ ჩვენ გვექნება მოწვევა, როდესაც უსაფრთხოების ზომები საშუალებას მოგვცემს, მინდა ჩვენს პარტნიორებთან განვიხილო ეს ყველაფერი და ვიბრძოლოთ ამისთვის. ეს არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ნატოსკენ მიმავალ გზაზე,"- განაცხადა ზელენსკიმ.

საბჭოს სხდომის დაწყებამდე კიდევ ერთხელ გაკეთდა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები.

"ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად უკრაინის დასახმარებლად იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. ჩვენ ნატოსთან გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა. ბევრს ვმუშაობთ, რომ ნატოსთან სრული კოორდინაციით ევროკავშირი უფრო და უფრო მეტად გახდება უსაფრთხოების უზრუნველმყოფი. გვინდა ვიყოთ უკიდურესად ერთიანი, რომ მზად ვართ მივცეთ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები და მონაწილეობა მივიღოთ ყველა ძალისხმევაში. მხარს ვუჭერ ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულას. ამ უკიდურესად რთულ დროს, ერთიანი ვართ, რათა მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი უკრაინას. ევროკავშირი უკრაინას ფინანსური, ჰუმანიტარული, პოლიტიკური საშუალებებით უჭერს მხარს. მხარდაჭერაა უკრაინის კანდიდატის სტატუსის აღიარება, უკრაინელი სამხედროების ფორმირება,"- განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ რამდენიმე წელიწადში უკრაინა ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდება.

"ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე წელიწადში უკრაინა გახდება ნატოს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი. ვფიქრობ, ეს გზა ახლა ნათელია, გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. განრიგის მიღება რთულია და შეუძლებელი. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება ნატოში და ვისაუბროთ უკრაინის სრულ წევრობაზე. ახლა, რადგან ომია, შეუძლებელია მხედველობაში გვქონდეს ნატოს მეხუთე მუხლი და კოლექტიური თავდაცვა. ჩვენ გვსურს განვიხილოთ ეს საკითხი დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, რადგან ეს მართლაც მნიშვნელოვანი ელემენტია უკრაინის მომავალი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის,"- განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ლატვიის პრემიერ-მინისტრის, კრიშიანის კარინშის განცხადებით, ნატოს პარტნიორებს შორის არის ერთსულოვანი მოსაზრება, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ომში არ გაიმარჯვებენ.

"ნატო კიდევ უფრო ძლიერდება უპირველეს ყოვლისა, ფინეთის გაწევრიანებასთან ერთად და ვიცით, რომ შვედეთიც შეუერთდება ნატოს. ეს ბალტიის ზღვის რეგიონს ბევრად უფრო უსაფრთხოს გახდის. ბალტიის ზღვა, ფაქტობრივად, ნატოს ზღვა გახდება. ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი მოსკოვისთვისაც, რომ რაც უფრო მეტად აწარმოებს ომს მოსკოვი უკრაინაში, მით უფრო ძლიერი და მტკიცე ხდება ნატოს პასუხი. რუსეთი ომს აწარმოებს, ნატო პასუხობს - უკვე ორი ახალი წევრი. რუსეთი უფრო მეტ ომს აწარმოებს, ნატო კიდევ უფრო მტკიცედ უპასუხებს. რა თქმა უნდა, განვიხილეთ უკრაინა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნატოს პარტნიორებს შორის არის ერთსულოვანი მოსაზრება, რომ ჩვენ გვჭირდება და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ისინი ამ ომში არ გაიმარჯვებენ,"- განაცხადა ლატვიის პრემიერ მინისტრმა.

სამიტის განრიგის თანახმად, რამდენიმე საათში ნატო-უკრაინის საბჭოს პირველი სხდომა შედგება, რომელსაც ზელენსკი დაესწრება. საბჭო ნატო-უკრაინის კომისიას ჩაანაცვლებს, თუმცა კომისიისგან განსხვავებით, ამჯერად კიევს საბჭოს მოწვევის და ხმის მიცემის უფლება ექნება. სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ვილნიუსში უკრაინის პრეზიდენტი და ნატოს გენერალური მდივანი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. დღესვე დაგეგმილია ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა.

დღის ამბები