საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზესტაფონის სალოტბარო სკოლას ეწვია. მინისტრი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორთან გიორგი დონაძესთან ერთად სალოტბარო სკოლის საქმიანობას გაეცნო. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
"თეა წულუკიანი შეხვდა სალოტბარო სკოლის ლოტბარ ალექსანდრე ხახიშვილს, რეგენტ ალეკო მიქელაძეს, სალოტბარო სკოლის მოსწავლეებსა და სკოლის სხვა წარმომადგენლებს. კულტურის მინისტრი შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას გაესაუბრა და სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებას, მათ საჭიროებებს გაეცნო.
თეა წულუკიანმა სკოლის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისა და მათი თავდაუზოგავი შრომისთვის.
კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქართული ფოლკლორის მხარდაჭერა და მისი განვითარების ხელშეწყობაა. მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს ყველა სალოტბარო სკოლის მონახულება. კულტურის მინისტრი უკვე ესტუმრა მესტიის, ლენტეხის, ამბროლაურის, ონის, ხონისა და სამტრედიის სალოტბარო სკოლებს.
კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ზესტაფონის სალოტბარო სკოლა 2015 წელს გაიხსნა. სკოლაში ირიცხება 23 მოსწავლე, რომლებიც უსასყიდლოდ სწავლობენ ქართულ ტრადიციულ გალობასა და ხალხურ სიმღერას.
ინფორმაციისთვის: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელობით, საქართველოში ფუნქციონირებს 30 სალოტბარო სკოლა, რომლებშიც ახალგაზრდები უსასყიდლოდ ეუფლებიან ქართულ გალობას, საკრავებზე დაკვრასა და ფოლკლორულ სიმღერას," - ნათქვამია ინფორმაციაში.