მორიგი ბრალდება დონალდ ტრამპის წინააღმდეგ - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე, ბრალი წაუყენეს.
ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის მიერ წაყენებული ბარკლებით, საქმე 4 მუხლს ეხება. მათ შორისაა: შეთქმულება შტატების მოტყუების მიზნით, ოფიციალური პროცედურებისთვის ხელის შეშლის მცდელობა და შეთქმულება მოქალაქეთა უფლებების დარღვევის მიზნით.
ექს-პრეზიდენტი ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში ხუთშაბათს უნდა გამოცხადდეს.
"არჩევნების დღიდან ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, ბრალდებული ავრცელებდა სიცრუეს, რომ მოხდა არჩევნების შედეგების გაყალბება და რომ რეალურად მან გაიმარჯვა. ეს პრეტენზიები მცდარი იყო და ბრალდებულმა იცოდა, რომ მცდარი იყო, მაგრამ მაინც ავრცელებდა, რათა ყალბი პრეტენზიები ლეგიტიმურად წარმოეჩინა, უნდობლობისა და ბრაზის ინტენსიური ატმოსფერო შეექმნა და არჩევნების ადმინისტრირების მიმართ საზოგადოების რწმენა შეერყია", - ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში.
ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მერიქ გარლანდის განცხადებით, იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი გამოძიებით დაკავდნენ, რათა დამოუკიდებლობა უზრუნველყონ.
"ჩვენს დემოკრატიაზე 6 იანვრის თავდასხმიდან მალევე, იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ჩვენს ისტორიაში ყველაზე დიდი გამოძიებით დაკავდნენ. შარშან ნოემბერში, მე სპეცპროკურორად ჯეკ სმიტი დავნიშნე, რათა გაუძღვეს მიმდინარე გამოძიებას და უზრუნველყოს დეპარტამენტის ანგარიშვალდებულება და დამოუკიდებლობა უზრუნველყოს", - განაცხადა მერიქ გარლანდმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ეს ბრალდებები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, მის კამპანიაში ჩარევის მცდელობაა.
"გავიგე, რომ შეშლილი ჯეკ სმიტი, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩასარევად, თქვენი საყვარელი პრეზიდენტის - ჩემს წინააღმდეგ, 5 საათზე კიდევ ერთ ყალბ ბრალდებას წარმოადგენს. რატომ არ გააკეთეს ეს ორ წლინახევრის წინ? ამდენ ხანს რატომ იცდიდნენ? იმიტომ, რომ ჩემს კამპანიაში ჩაერიონ. ეს პროკურორების გადაცდომაა", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.