ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშს უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ადამიანის უფლებების ნაწილში საკანონმდებლო ჩარჩო გაუმჯობესდა
"ამ ანგარიშში არის ის, რაც არაერთხელ გვითქვამს, ამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2012 წლის საკანონმდებლო ჩარჩო ადამიანის უფლებების ნაწილში, შეიცვალა ფასეულობა და ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ამ კანონმდებლობას არ მოჰყვა შესაბამისი აღსრულება, არ შეიქმნა ინსტიტუციები, რომლებიც არიან დამოუკიდებლები და უზრუნველყოფენ უფლებების დაცვის შესაბამისს მექანიზმებს, ცხადია, ეს იქნება არაფრის მომცემი და, ამ თვალსაზრისით, ამ ანგარიშში ასევე საუბარია, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასაც," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი კი აცხადებს, რომ ევროკავშირის აღნიშნულმა ანგარიშმა დაადასტურა, საქართველო ლიდერი ქვეყანაა, როგორც ასოცირებული ტრიოს, ასევე ბალკანური ქვეყნების თვალსაზრისით.
"ფაქტობრივად, ევროკავშირის ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა, როგორც ასოცირებული ტრიოს, ასევე ბალკანური ქვეყნების თვალსაზრისით, ვისაც აქვს კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი ძალიან მტკიცე და მყარი არგუმენტი იმ პოზიციის სასარგებლოდ, რომ სამართლიანი განხილვისა და მსჯელობის შემთხვევაში, საქართველო აქამდეც იმსახურებდა და დღესაც, კიდევ უფრო მეტად იმსახურებს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.