როგორ იცავს საქართველო ადამიანის უფლებებს - კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფ ქვეყანას შეფასება ევროკავშირმა დაუწერა. ევროპელმა პარტნიორებმა თქვეს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს. დოკუმენტში ისიც ჩაწერეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების მიმართულებით კანონის აღსრულება უფრო უნდა გაძლიერდეს.
ის, რაც ევროპელებმა ანგარიშში ჩაწერეს, პოზიტიური სიგნალია მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის. უფრო მეტიც, მათთვის დოკუმენტი უფრო ამყარებს მოლოდინს, რომ ქვეყანა დეკემბრის ბოლოს კანდიდატის სტატუსს დამსახურებულად მიიღებს.
ევროპიდან გამოგზავნილ დოკუმენტს განსხვავებულად კითხულობს ოპოზიცია. ამბობენ, რომ ანგარიშში კრიტიკული შენიშვნებია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საკანონმდებლო ბაზა გაუმჯობესდა, თუმცა აღსრულების საკითხი კვლავ პრობლემად რჩება.
მმართველი გუნდის ლიდერებისთვის პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებები გაუგებარი და მიუღებელია. "ქართული ოცნების" წევრების შეფასებით, ტექსტში კრიტიკული შენიშვნები არ არის. მათი თქმით, ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის კუთხით ბოლო წლებში ქვეყანაში ბევრი რამ გაუმჯობესდა, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ გამოწვევებიც დარჩა.
ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს წინსვლაა საარჩევნო სისტემის, საჯარო მმართველობის რეფორმების, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით. ევროკავშირის კვლევაში შეფასდა ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა ოკუპირებულ რეგიონებშიც და ითქვა, რომ ვითარება შემაშფოთებელია.