დონალდ ტრამპის ბრალმა, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობას ეხება, ქართულ ოცნებას ასევე 2020 წელს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები გაახსენა. კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები", რომელმაც ხმების პარალელური დათვლის შედეგები ხარვეზებით გამოაქვეყნა. მმართველი გუნდი პასუხისმგებლობაზე საუბრობს, ოპოზიცია კი სამი წლის წინანდელი თემის აქტუალიზებას არარელევანტურს უწოდებს.
"PVT-ის გაყალბება არ იყო უნებლიე შეცდომა, ეს იყო მიზანმიმართული ბოროტება საქართველოსა და ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ, რომელსაც კონკრეტული მიზნები ჰქონდა და ეს მიზნები იყო ჩვენს ქვეყანაში ხელოვნურად კრიზისის შექმნა, რასაც ძალადობრივი პროცესები უნდა გამოეწვია. ამის ფონზე კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ ეს ინფორმაცია იცოდა დონორმა ორგანიზაციამ და ის ვალდებული იყო მინიმუმ ამ ორგანიზაციის მიმართ მიეღო პროპორციული გადაწყვეტილებები. ამ გადაწყვეტილებებს ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით "სამართლიანი არჩევნები" საეჭვოდ უწყობდა ხელს ოპოზიციური პარტიების მცდელობას, რომლებიც ქვეყანაში არეულობისა და გადატრიალების მოწყობა სურდათ.
"ოფიციალურ მონაცემებში რაც წერია, ის, მინიმუმ, 8% არის გაყალბებული იმიტომ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ ასე დათვალა პარალელურად. იცოდნენ, რომ მათი პარალელურად დათვლილი სინამდვილეს არ ასახავდა და დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ ამას. საზოგადოებას უფლება აქვს მოითხოვოს არგუმენტირებული პასუხი რატომ მოიქცა ასე " სამართლიანი არჩევნები". რევოლუციური სცენარის გათამაშებას აპირებდნენ გარკვეული პოლიტიკოსები, ამას დიდი ხნის განმავლობაში საეჭვოდ ხელს უწყობდა, მათი შეცდომა, რომელიც შეიძლება საერთოდ არ იყო შეცდომა ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.