15 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
ყველამ, ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ე.წ. ქოლცენტრებთან არანაირი კავშირი არ მაქვს -ისკო დასენი განცხადებას ავრცელებს

უმრავლესობის წევრი ისკო დასენი განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის და მისი ოჯახი ე.წ. ქოლცენტრებს ფლობს.

დეპუტატი “"ნაციონალური მოძრაობას" და მის მიერ კონტროლირებად მედიას“ მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. ისკო დასენის თქმით, ინფორმაცია არის “უსინდისო ტყუილი, რომელიც ე.წ. წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გარდა არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება“.

დეპუტატი წერს, რომ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მას არავინ შეხმიანებია და მასთან დაკავშირების მცდელობაც არ ყოფილა. ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მოტივით, ისკო დასენი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

“ასევე, ამ ტელევიზიის წინააღმდეგ მზადდება სარჩელი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში შესატანად. ყველამ, ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ე.წ. ქოლცენტრებთან არანაირი კავშირი არ მაქვს და „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალებების მხრიდან წამოსული ეს ბინძური ტყუილი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩირქი მოსცხონ ჩემს რეპუტაციას, ამავდროულად კი დააზიანონ „ქართული ოცნება“, რადგან მმართველი გუნდის წევრი ვარ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები