პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შოვში ტრაგედიის ადგილზე ჩავიდა. მისი თქმით, ასეთ მძიმე დროს აუცილებელია გაერთიანება და ყოველგვარი სპეკულაციები ზედმეტია.
"ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი ძალიან არასერიოზულია," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან საუბრისას რაჭაში, სადაც სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
მთავრობის მეთაურმა ყველას მოუწოდა მძიმე წუთებში გაერთიანებისა და სოლიდარობისკენ.
"მე არ მინდა მაგ თემებზე საერთოდ კომენტარის გაკეთება, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, თქვენ შეგიძლიათ კითხოთ, აქ არიან შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც გაგცემენ კონკრეტულ პასუხებს. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი ძალიან არასერიოზულია.
ერთი რამ მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ასეთ მძიმე წუთებში ჩვენ ყველანი გავერთიანდეთ, სოლიდარობა გამოვხატოთ და ვილოცოთ ამ ოჯახებისთვის," - განაცხადა პრემიერმა.