17 ივნისი 2024,   16:32
ვრცლად
მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ჯარი და კინოლოგთა ჯგუფი - სტიქიის ზონაში ძებნა - შველის სამუშაოები გრძელდება

11 გარდაცვლილის ცხედარი სტიქიის ზონიდან ვერტმფრენით 17:00 საათზე ჩამოასვენეს. ყველაზე მასშტაბური სტიქიის მსხვერპლთა ძებნის ოპერაცია, გვიან ღამით დაიწყო და დილის 06:00 საათისთვის, ხილვადობის აღდგენისთანავე განახლდა. დაკარგულთა ოჯახის წევრებს, ვისაც სტიქიის ეპიცენტრის ნახვის სურვილი ექნება, ზონაში ვერტმფრენით შესვლის საშუალება მიეცემა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რაჭაში არ შეწყვეტილა. პირველი შეტყობინება 112-ში სტიქიის ზონიდან 3 აგვისტოს 15:10-ზე შევიდა. მას შემდეგ, მეხანძრე-მაშველების რაოდენობა ხეობაში მუდმივად იზრდება. ოპერაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი. ოპერაციის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან უვნებლად უკვე გამოიყვანეს 210 მოქალაქე, დაკარგულებს კი ამ დრომდე ეძებენ.

სამაშველო ოპერაციაში ჩაერთნენ მოხალისეებიც, ისინი დავალებებს საკოორდინაციო შტაბისგან იღებენ.

ხეობაში მუშაობენ გეოლოგებიც. სიტუაციის შესაფასებლად, სპეციალისტები ავიაციამ სტიქიის ეპიცენტრში შეიყვანა. გეოლოგები, უპრეცედენტო მასშტაბის ბუნებრივ მოვლენაზე საუბრობენ და მისი განმეორების საფრთხეს გამორიცხავენ. ირკვევა, რომ 1991 წლის მიწისძვრის შემდეგ, მსგავსი სტიქიური მოვლენა, დასავლეთ საქართველოში არასოდეს მომხდარა.

სტიქიის ზონაში შექმნილი საგანგებო შტაბი, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. შეხვედრებზე იგეგმება სამაშველო ღონისძიებები და მიწასთან გასწორებული საკურორტო ზონის გაწმენდა-რეაბილიტაციის სამუშაოები.

ხეობაში სპეციალური სამედიცინო პუნქტი იქმნება, სადაც მოქალაქეები ყველა მათთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებენ. განლაგდება კარვებიც, რომ ყველამ, ვინც ადგილზეა, საჭირო დახმარება მიიღოს.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რაჭაში, არც ღამით შეჩერდება, მუშაობას განაგრძობს ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა. მთავარი პრიორიტეტი ახლა, სტიქიის ეპიცენტრიდან დაკარგული ადამიანების გამოყვანაა.

დღის ამბები