რამ გამოიწვია მეწყერი შოვში და რა გახდა ტრაგედიის მიზეზი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, პირველადი შეფასებით, ხუთი ბუნებრივი მოვლენა ერთდროულად განვითარდა სტიქიის ზონაში, რამაც ტრაგიკული შედეგები გამოიწვია.
როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, ვითარების შესწავლის მიზნით, რამდენჯერმე დაათვალიერეს ტერიტორია, ჩატარდა ინსტრუმენტული მონიტორინგიც.
მისივე თქმით, სპეციალისტები მომზადებულ დასკვნაში აღნიშნულ კითხვაზე ამომწურავად გასცემენ პასუხს.
"სტიქიის ზონაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მუშაობდნენ ინტენსიურად. სპეციალისტთა 6 ჯგუფი იყო ადგილზე ჩასული, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. რა თქმა უნდა, ჩატარდა ვიზუალური, ინსტრუმენტული მონიტორინგი. ჩვენი სპეციალისტები 2-ჯერ შეფრინდნენ ხეობაში და დეტალურად დაათვალიერეს იქ არსებული ვითარება და ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენ ჩავატარეთ ძალიან ბევრი დოკუმენტისა თუ მოცემის ანალიზი, იმისთვის რომ, საბოლოო ჯამში, ის დასკვნა, რომელიც დღეს გამოქვეყნდება, გასცემს იმ კითხვებზე პასუხს, რაც დღეს საზოგადოებაში არსებობს და მათ შორის, იმ დაუზუსტებელ ინფორმაციებზე, რომელზეც არაერთი ინფორმაცია მოვისმინეთ ამ დღეების განმავლობაში.
დასკვნის შინაარსზე უფრო სიღრმისეულად სპეციალისტები ისაუბრებენ, მე რაც შემიძლია ცალსახად, ეს არის, რომ ნამდვილად შოვში ადგილი ჰქონდა ბუნებრივი პროცესების ისეთ განვითარებას და რამდენიმე ბუნებრივი პროცესის თანხვედრას, რომელმაც გამოიწვია სტიქიის ამხელა მასშტაბი. კლდე-ზვავური მასა ჩამოიშალა, თანმდევმა ნალექებმა, მყინვარული დნობის პროცესებმა, ღვარცოფისა და მეწყრის განვითარებამ, ასევე ეროზიულმა პროცესებმა ერთობლიობაში ძალიან დიდი მასშტაბის სტიქია განავითარა და საბოლოო ჯამში, მივიღეთ ეს ვითარება, რაც დღეს გვაქვს. როდესაც ჩვენ სახეზე გვაქვს რამდენიმე ასეთი მოვლენის თანხვედრა და კომპლექსურ სტიქიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე, მსგავსი ტიპის სტიქიური მოვლენების წინსწრებით პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე, იყო მთელი რიგი დაუზუსტებელი ინფორმაციები საზოგადოებაში გავრცელებული, თითქოს სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა მნიშვნელოვანი შეგუბება წყლის მასების, ამასთან დაკავშირებითაც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ გამოვითხოვეთ მონაცემები წყლის დონის მზომის სადგურების, შესაბამისი ავტომატური სადგურების, რომელთა ანალიზის საფუძველზეც შემიძლია გითხრათ, რომ სტიქიამდე ხეობაში მნიშვნელოვანი წყლის მასის შეგუბებას ადგილი არ ჰქონია. ამიტომ მინდა მოვუწოდო და ვთხოვო ყველას დაუზუსტებელ ინფორმაციებს ამ მძიმე ემოციური ფონის დროს მივაწვდით საზოგადოებას და ნუ დავამძიმებთ არსებულ ემოციურ მდგომარეობას," - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მან ასევე უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მთავრობის ზოგიერთ წარმომადგენელს წინასწარ მიუვიდა შესაბამისი შეტყობინება ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით. თანდილაშვილის თქმით, ინფორმაცია საჯაროა და გავრცელებული ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება.
"ეს ინფორმაცია არის სრულიად ღია და საჯარო და დღესვე, ნებისმიერი ადამიანს შეუძლია 3 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე ნახოს. ეს არ არის დაფარული ინფორმაცია, პირიქით, ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომელიც გახლავთ ზოგადი ხასიათის და რომელიც მოიცავს ინფორმაციას მოსალოდნელი ამინდის შესახებ. მსგავსი ტიპის ინფორმაციებს ჩვენ მუდმივად ვავრცელებთ, ეს არის ჩვენი სააგენტოს პირდაპირი მოვალეობა. მაგრამ თუკი ჩვენ ვსაუბრობთ შოვში განვითარებულ მოვლენებზე, ზოგადი გაფრთხილების საფუძველზე ჩვენ არ შეიძლება რომ ეს ყველაფერი დავაკავშიროთ იმ განვითარებულ მოვლენებს, რაც მოხდა კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე," - აღნიშნა თანდილაშვილმა.