15 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
"ლელო" რიკოთის უღელტეხილის რეაბილიტაციის პროექტის მონიტორინგს ითხოვს

ლელო რიკოთის უღელტეხილის რეაბილიტაციის პროექტის მონიტორინგს ითხოვს. პარტიამ დღეს ბრიფინგი გამართა.

მათი განცხადებით, უღელტეხილის რეაბილიტაცია დარღვევებით მიმდინარეობს, ფინანსური რესურსი უკონტროლოდ იხარჯება, უსაფრთხოების რისკები კი სათანადოდ დაზღვეული არ არის.

"ჩვენ ვხედავთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე მშენებლობები მრავალი დარღვევით მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების და დონორების ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაღებული რესურსები იხარჯება არარაციონალურად. იხარჯება ყოველგვარი კონტროლისა და მონიტორინგის გარეშე.

ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ვერ მართავს პროცესს და იძულებულია ყოველ საღამოს 19:00 საათზე გადაკეტოს რიკოთის უღელტეხილი, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ შეუძლებელია რისკების კონტროლი და ადამიანების სიცოცხლის დაზღვევა, რომლებიც გადაადგილდებიან რიკოთის უღელტეხილზე.

ათიათასობით ადამიანი ყოველდღიურად გადის საფრთხის შემცველ მონაკვეთს რიკოთზე, რაც უნდა იქცეს საზოგადოების მხრიდან და მათ შორის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან მყისიერი მონიტორინგის გადაწყვეტილება მიღებული. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მზად ვართ, ჩვენ თავად ჩავერთოთ მონიტორინგის შესაძლებლობებში, თავად გავწიოთ შესაბამისი კურაცია ამ პროცესისა, თუ ამაზე მზაობა იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ წერილობით მივმართავთ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის დაფინანსება და ფინანსური რესურსები არის გადახდილი რიკოთის უღელტეხილის მშენებლობაში და მოვითხოვთ ადამიანების სიცოცხლის დაზღვევას შესაბამისი კვალიფიციური დასკვნებით. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ ქვეყნის ავტორიტეტული გეოლოგები, უსაფრთხოების სპეციალისტები ღიად საუბრობენ მძიმე დარღვევებზე რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით", - განაცხადა კუპრაძემ.

ლელოს უმრავლესობა პასუხობს და მტკიცებულებებს სთხოვს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ასეთი პროექტების აუდიტი სისტემატურად ტარდება.

"ასეთ დიდ პროექტებთან დაკავშირებით ტენდერები ტარდება და არსებობენ საერთაშორისო აუდიტები, რომლებიც ამას იღებენ ასეთი ტიპის მიღება ჩაბარების აქტებს. თუ ვინმეს რაიმე მონაკვეთთან აქვთ პრობლემა ან შენიშვნა ეს, კი ბატონო, შეიძლება გახადონ სამსჯელო, თუმცა ეს უნდა იყოს კონკრეტული და არა ისე, როგორც სჩვევია რადიკალურ ოპოზიციას, უნდა იყოს კონკრეტული პრობლემა წარმოდგენილი,"- აცხადებს მაჭარაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ყველა არსებულ კითხვაზე პასუხის მიღება შესაძლებელია.

"ეს არის რატომაც ვერასდროს ეს პარტიები ვერ ასცდებიან 2%-ს, 3%-ს და 5%-ს ვერ გადალახავენ, სწორედ იმიტომ, რომ ვერ ხვდებიან დროს, მომენტს, თემას, რომელზეც მათ უნდა ისაუბრონ და მათ შორის, ტონს, რომელზეც მათ უნდა ისაუბრონ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არასერიოზული არის მათი მიდგომები.

რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს და იქ გზის მშენებლობას, რამე საკითხი თუ აქვთ, კიდევ ერთხელ - მათ პარლამენტში ჰყავთ წარმომადგენლობა, თუნდაც სადეპუტატო შეკითხვით, თუნდაც ინტერპელაციით, შეუძლიათ ნებისმიერი საკითხი მოიკითხონ და მიიღონ ამომწურავი პასუხი ყველაფერზე," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები