საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა აქტიურად მონაწილეობს შოვში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო პროცესში, ისინი რამდენიმე ლოკაციაზე არიან გადანაწილებული, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, რეზერვისტების სამუშაო ლოკაციებს დაემატა ე.წ. კალცის წყლების მიმდებარე ტერიტორია, სადაც გზის გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
„რეზერვისტების პირადი შემადგენლობა სტიქიის ზონაში თავდაცვის ძალების სამხედროებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან კოორდინაციაში მუშაობს. სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.