ჯონ კირბი აცხადებს, რომ აშშ მზად არის, თავის ტერიტორიაზე უკრაინელი მფრინავები F-16-ის თვითმფრინავებისთვის მოამზადოს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ჩვენი ევროპელი მოკავშირეები, როგორც ვთქვი, ხელმძღვანელობენ ამ ძალისხმევას. მაგრამ თუ ევროპაში მომზადების შესაძლებლობები მიღწეული იქნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ღია ვართ უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის აქ, აშშ-ში“, – განაცხადა კირბიმ.
კირბის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა G7-ის სამიტზე მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის მიწოდებას.
„მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამას ვაკეთებთ, არის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, რათა დავრწმუნდეთ, რომ გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვისა და სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებას გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა კირბიმ.
ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისეთი თანამედროვე თვითმფრინავების მიღებას, როგორიცაა F-16, გარკვეული დრო სჭირდება.
„ეს არ არის მხოლოდ რეალური საჰაერო ხომალდის გადაცემის ფუნქცია, არამედ ტრენინგი, პილოტების შესაბამისი მომზადება და ყველა ტექნიკური უზრუნველყოფის, ლოჯისტიკისა და მხარდაჭერის ორგანიზება, რაც აუცილებელია თქვენს ფლოტში თანამედროვე თვითმფრინავების არსებობისთვის, როგორიცაა F-16. ამას გარკვეული დრო სჭირდება. ასე რომ, ეს იქნება გრძელვადიანი სამუშაო“, – აღნიშნა კირბიმ.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მიერ F-16-ის შეძენა მრავალეტაპიანი პროცესი იქნება და აშშ მზად არის, დაეხმაროს მოკავშირეებს „რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ ეს პროცესი“.