აგვისტოს ომის კვირეულის ბოლოს, მმართველი პარტია კიდევ ერთხელ ამბობს, რომ 15 წლის წინანდელმა მოვლენებმა საქართველოს და მის მოსახლეობას უმძიმესი შედეგები მოუტანა.
"ქართული ოცნება" აქცენტს იმ ადამიანებზე აკეთებს, რომლებიც აგვისტოს ომმა საცხოვრებლის გარეშე დატოვა. ასეთი 2008 წლის შემდეგ 150 ათასამდე პირია, ვინც საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ეს უმძიმესი დღეები ამ ადამიანებს არასდროს დაავიწყდებათ. გაიხსენეს ისიც, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აგვისტოს მოვლენების გამო პასუხს მაშინვე სთხოვდა ხელისუფლებას.
ყოფილი სახელისუფლებო პარტია საუბარს 15 წლის წინანდელ შეცდომებზე პროპაგანდას უწოდებს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ისევ ამტკიცებენ, რომ ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. იმავეს ფიქრობენ მათი კოლეგებიც.
"ოპოზიციაში გადასულ "ნაციონალურ მოძრაობას" თავის მართლება არ გამოსდის" - ასე ეხმაურება უმრავლეობა ოპონენტების პოლიტიკურ განცხადებებს. ამბობენ, რომ გმირების თავგანწირვის ფონზე, სააკაშვილის და მისი ხელისუფლების ქმედებები, არაადეკვატური იყო. მათი თქმით, მთავარსარდალი, რომელიც მთელმა მსოფლიომ შეშინებული და გაქცეული ნახა, ომში წარმატებას ვერ მიაღწევდა.
2008 წლის ომი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე დასრულდა, თუმცა ამ შეთანხმების პირობებს რუსეთი დღემდე არ ასრულებს.