პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, ასევე - გურჯაანის საარჩევნო ოლქში მერის შუალედურ არჩევნებში "ოცნების" კანდიდატები წარადგინა.
""ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით, გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარმოგიდგენთ ბატონი გიორგი სოსიაშვილის კანდიდატურას.
გიორგი სოსიაშვილი დაიბადა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა. მოგვიანებით, მან დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა ისტორიის სპეციალობით. ბატონი გიორგი არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.
გიორგი სოსიაშვილს აქვს მდიდარი პროფესიული გამოცდილება. წლების მანძილზე, ის ეწეოდა წარმატებულ ჟურნალისტურ, პედაგოგიურ, სამეცნიერო, ლიტერატურულ და პუბლიცისტურ საქმიანობას. დღემდე ის გახლავთ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნების“ პროპორციული საარჩევნო სიით.
გიორგი სოსიაშვილს გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, აგრეთვე მრავალი პროზაული კრებული და პუბლიცისტური სტატია. ბატონი გიორგი არის ოცამდე ჯილდოს მფლობელი, მათ შორის საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი. გიორგი სოსიაშვილი არის გორის საპატიო მოქალაქე. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ გიორგის.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით, გურჯაანის მერის პოზიციაზე წარმოგიდგენთ ბატონი გიორგი მაჭავარიანის კანდიდატურას.
გიორგი მაჭავარიანი დაიბადა ქალაქ გურჯაანში. 1996 წელს მან დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. გიორგი მაჭავარიანს აქვს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მდიდარი გამოცდილება. 6 წლის მანძილზე, ის იკავებდა სააქციო საზოგადოება "გურჯაანგაზის" დირექტორის თანამდებობას, 2011 წლიდან კი არის შპს "სოკარ" ჯორჯია გაზის გურჯაანის სერვისცენტრის ხელმძღვანელი.
დარწმუნებული ვართ, ორივე კანდიდატი მიიღებს ამომრჩევლის მყარ ნდობას. წარმატებებს ვუსურვებ გიორგი სოსიაშვილს და გიორგი მაჭავარიანს, შესაბამისად, გორი-კასპისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქებში," - განაცხადა კობახიძემ.
არჩევნები 1 ოქტომბერს გაიმართება.