ოპოზიციის ნაწილის ინიციატივას, საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობად აფასებს.
კომისიის შექმნას "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს, ოპოზიციის ნაწილი მოთხოვნას იზიარებს და მზად არის პარლამენტში კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს. წინადადება მიუღებელია გახარიას პარტიისთვის.
რაც შეეხება კომისიის აუცილებლობას როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები და ინიციატორები "ნაციონალური მოძრაობიდან" აცხადებენ, მნიშვნელოვანი და აუცილებელია მსგავსი ჯგუფის შექმნა საპარლამენტო დონეზე, ვინაიდან ყველა არსებულ კითხვას პასუხი გაეცეს.
"რაც ეხება საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ყოველთვის დარჩეს დღის წესრიგში შოვის ტრაგედია - რა მოხდა შოვში და რატომ დააგვიანა ხელისუფლებამ რეაგირება, რამაც სამწუხაროდ, დაამძიმა შედეგები სწორედ ამ მიზნის გამოძიებას ემსახურება საგამოძიებო კომისიის შექმნა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები მხარში დაგვიდგებიან, მხარში დაუდგებიან დაზარალებულებს, მთელ საქართველოს და მხარს დაუჭერენ ამ კომისიის შექმნას", - განაცხადა ენმ-ის წევრმა გიორგი კაპანაძემ
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას ყველა ოპოზიციურმა ძალამ უნდა დაუჭიროს მხარი.
"ყველა ოპოზიციურმა ძალამ უნდა დაუჭიროს მხარი საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხზე, ისე როგორც ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხზე, სადაც არსებობს საზოგადოებრივი კითხვები. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ ძალას მეტი კონსოლიდირებისკენ. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მე არ ვიცი რა არის მათი ჩანაფიქრი ამ მომენტისთვის, ეს ჩემთვის არ არის მისაღები პოზიცია. თუმცა, თუ ეს არის პოზიცია, რომელიც მხოლოდ ამ ეტაპზეა ისეთი, როგორიც არის და ეს ძალა მაინც დაუჭერს მხარს კომისიას, ეს იქნება კარგი. თუ ისინი არ დაუჭერენ მხარს კომისიის შექმნას, ეს იქნება ძალიან დიდი და ფუნდამენტური შეცდომა," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა არსებობს, რათა ყველა არსებულ კითხვას გაეცეს პასუხი.
"აუცილებლობა არსებობს, რომ მოხდეს გამოძიება , დადგინდეს ყველა პასუხისმგებელი პირი ვინ რას აკეთებდა, ვინ რაზე იყო პასუხისმგებელი, ვინ რა გააკეთა, ვინ რა არ გააკეთა. ვფიქრობ, თვითონ ხელისუფლება უნდა იყოს მონდომებული ამისთვის, თუმცა ვიცით "ქართული ოცნების" პასუხი, რომ ამ კომისიის შექმნას არ აპირებენ. რატომ?! იმიტომ, რომ მათ არ სურთ არა თუ კითხვებზე პასუხების გაცემა არამედ, კითხვების დასმაც კი აღიზიანებთ. ყველა ეს კითხვებიც კი გააშიშვლებს მათ ბრალეულობას," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.