07 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
ომის 537-ე დღე უკრაინის ფრონტზე ცხელი, თუმცა წარმატებული აღმოჩნდა - ბახმუტთან უკრაინის არმიამ დამატებით 40 კვ.კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლა

ომის 537-ე დღე უკრაინის ფრონტზე ცხელი, თუმცა წარმატებული აღმოჩნდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბახმუტთან უკრაინის არმიამ დამატებით 40 კვ.კმ-ის გათავისუფლება მოახერხა.

უკრაინელი სამხედროები შეტევებს განაგრძობენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებითაც. პარალელურად, გენერალურ შტაბში ამბობენ, რომ ხერსონის ოლქში, მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე უკრაინას წინსვლა აქვს.

ფრონტზე უკრაინის წარმატების შესახებ საუბრობს "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი". ამერიკელი ექსპერტების ცნობით, დონეცკის აღმოსავლეთით და ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში უკრაინელმა სამხედროებმა წინ წაიწიეს.

ფრონტის ხაზზე უკრაინის წარმატებისთვის მოსკოვი პასუხს ისევ მშვიდობიან მოქალაქეებს სთხოვს. ბოლო 24 საათის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა დრონებითა და რაკეტებით ოდესას, ზაპოროჟიეს, დონეცკის, სუმისა და ხარკოვის ოლქებს შეუტიეს. ზაპოროჟიეში 2 ადამიანი დაიღუპა, ოდესასა და ხარკოვში კი ოკუპანტების თავდასხმების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა.

გლოვის დღეა ხერსონში, სადაც გუშინ ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჩვილი და 12 წლის ბიჭი არიან. 20-მდე დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოსკოვის მიერ ხერსონის დაბომბვას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა.

საპასუხო მოქმედებების შედეგად კი, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის დანაკარგები ფრონტზე დიდია. უწყების ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა ფრონტის ხაზზე დაახლოებით 254 380 ჯარისკაცი დაკარგა. ვითარება რთულია უკრაინისთვისაც. თავდაცვის მინისტრის თქმით, დღეს უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა მსოფლიოში, რის გამოც დღეში 50-დან 100-მდე ჯარისკაცი დაზიანებას იღებს.

 

დღის ამბები