15 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
ბექა ოდიშარია საგამოძიებო კომისიაზე - გამოძიება დაწყებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დავაკვირდეთ პროცესს

ოპოზიცია შეეცდება, საგამოძიებო კომისიის საშუალებით კიდევ ერთხანს იტივტივოს პოლიტიკურ დღის წესრიგში, შესაბამისად, ამის საშუალებას ალბათ საქართველოს პარლამენტი მათ არ მისცემს - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის მოთხოვნაზე, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ოპოზიცია ითხოვდა საგამოძიებო კომისიას და მერე თვითონ ავიწყდებოდათ, რომ მოითხოვეს.

ოპოზიციამ მოახერხა ამ ინსტრუმენტის თავის პლატფორმად ქცევა, რომელიც ვერ მიჰყავს ბოლომდე. იყო შემთხვევები, როდესაც ისინი ითხოვდნენ საგამოძიებო კომისიას და მერე თვითონ ავიწყდებოდათ, რომ მოითხოვეს, თითო ოროლა შემთხვევის გარდა. მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ზედმეტია რადგან არ ვფიქრობ, რომ ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის სპეციალური სამსახურის, ვგულისხმობ სამაშველო სამსახურს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ სხვებს, არ სცემდნენ ზედმიწევნით ამომწურავ პასუხებს საზოგადოებას, მათ შორის ჟურნალისტებს, ოპოზიციას. შესაბამისად, ეს იქნება ხელოვნური პროლონგაცია და მათი ცდა, საგამოძიებო კომისიის საშუალებით კიდევ ერთხანს იტივტივონ პოლიტიკურ დღის წესრიგში, შესაბამისად, ამის საშუალებას ალბათ საქართველოს პარლამენტი მათ არ მისცემს.

როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, გამოძიება დაწყებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და უნდა დავაკვირდეთ პროცესს.

„ჩვენთან არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღძრული საქმე. ეს არის ის დადგენილი წესი, რომლითაც წამოიწყო ძიება, პროცესს დავაკვირდეთ. მე არ ვარ სისხლის სამართლის ექსპერტი და სპეციალისტი, ძალიან გამიჭირდება, არ მინდა გავაკეთო პროცესის პროფანაცია და არაპროფესიონალური პასუხი გაგცეთ. არის ინტერპელაცია, მობრძანდება შინაგან საქმეთა მინისტრი, აგერ იქნება პარლამენტი მთელი შემადგენლობით, მათ შორის იურისტები ოპოზიციაშიც მრავლად არიან და უმრავლესობაშიც, ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და ალბათ მივიღებთ რაციონალურ გადაწყვეტილებას“- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

დღის ამბები