15 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
რადიკალური ოპოზიცია ცხოვრობს ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, მანამდე რაღაც სუნთქვის რეჟიმებს უტარებენ მათი პატრონები - გურამ მაჭარაშვილი

შოვის სტიქია პოლიტიკური დისკუსიის მთავარ საგნად რჩება - შეიძლებოდა თუ არა პრევენციული ზომების მიღება და როგორ წარიმართა სამაშველო ოპერაცია? ოპოზიცია ცდილობს ამ კითხვების დასმა საგამოძიებო კომისიის ფორმატით შეძლოს.

"ქართული ოცნება" კი ოპონენტებს ტრაგედიით მანიპულაციაში ადანაშაულებს - საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ დეპუტატები, რომლებიც ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ, სტიქიის ზონაში საერთოდ არ ასულან და არ უცდიათ საკუთარი თვალით ენახათ რაჭაში არსებული სურათი.

"რაც უფრო მეტს ილაპარაკებს რადიკალური ოპოზიცია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, მით უფრო მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენებს საკუთარ თავს, ვინაიდან ეს ადამიანები არც დაინტერესებულან ადგილზე რა ხდებოდა, არც ასულან იქ, რომ საკუთარი თვალით ენახათ. იქნებ იქ იყო ისეთი ვითარება, რომ ობიექტურად არ ჰქონოდათ არანაირი კითხვის ნიშნები, მაგრამ ეს არც უკადრიათ.

შესაბამისად, ახლა აქედან ცდილობენ, რომ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და რაც ყველაზე ამორალურია, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მანიპულაციებს მიჰყონ ხელი. მსგავსი ქმედებების გამო არის, რომ საკუთარ ამომრჩეველთანაც კი პრობლემები აქვთ," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა.

"ხალხის ძალაში" აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიცია ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს და მათთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ.

"რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი ცნობილია საზოგადოებისთვის. ეს არის ხალხი, რომელიც ცხოვრობს ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, მანამდე რაღაც სუნთქვის რეჟიმებს უტარებენ მათი პატრონები და როგორც კი სამწუხაროდ, რამე მოხდება საქართველოში ტრაგედია, მერე ამაზე გამოვარდებიან და ამბობენ, რომ ხან საგამოძიებო კომისია უნდა, ხან ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს და ა.შ.

თვითონ ის ფაქტიც, რომ ამ სამწუხარო მოვლენიდან დღემდე ფიზიკურად არც ერთი წარმომადგენელი იქ არ ჩასულა და თვალით არ უნახავს რა მოხდა, რა დააკლო ხელისუფლებამ ან რა არ დააკლო. მათთვის მნიშვნელოვანი არ არის ეს ფაქტები, მათთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები