კელი დეგნანის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული სისტემა არ იძლევა გარანტიას, ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იყოს, თემა პოლიტიკური დისკუსიის საგანია. ამერიკის ელჩის მოსაზრებას იზიარებენ ოპოზიციაში და აცხადებენ, რომ მანიპულაციის გზები იარსებებს.
"ამ ელექტრონული სისტემით შესაძლებლობა აქვს თეა წულუკიანს, დაბეჭდოს რამდენიმე ათასი პირადობის მოწმობა და გამოიყენოს არჩევნების გასაყალბებლად და მანიპულაციებისთვის. ამიტომ, ასეთი პრობლემები არსებობს. ერთ რამეზე შევთანხმდეთ, არ არსებობს სამართლიანი თამაშის წესი რუსული პარტიის პირობებში, ამიტომ, ასეთ პირობებში ცხადია არსებობს მანიპულაცია. ყველამ უნდა იცოდეს, ამ ყველაფრიდან როგორ შეიძლება თავის დაღწევა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ქართველ ხალხს უჭერენ მხარს, ისინი უჭერენ ცვლილებებს მხარს," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ნდობა ძნელია, მათ შორის ელექტრონული არჩევნების პირობებშიც.
"ქართული ოცნების" ნდობა ძნელია, მათ შორის ელექტრონული არჩევნების პირობებშიც, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ე.წ. გასაღები, რომლითაც შევძლებთ სრულფასოვანი მონიტორინგის განხორციელებას. ელექტრონული არჩევნების მთელი პლუსი არის ის, რომ ის შესაძლებლობას აძლევს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის. "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა რომ ბევრი ადამიანი უკმაყოფილო წასულიყო ქვეყნიდან და ამ წასულ უკმაყოფილო ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონდეს," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.