კელი დეგნანის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული სისტემა არ იძლევა გარანტიას, ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იყოს, განხილვის საგანია. "ქართული ოცნებისთვის" საარჩევნო მანიპულაციის რისკებზე საუბარი გაუგებარია.
მმართველი გუნდისთვის კითხვებს აჩენს, რას ემსახურება მსგავსი განცხადება, როდესაც არჩევნებისთვის ელექტრონული სისტემის დანერგვა თავად პარტნიორების და ოპონენტების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ელექტრონული არჩევნები არის წინ გადადგმული და პროგრესული ნაბიჯი.
"ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლამ დაასრულა ყოველგვარი მანიპულაციის შესაძლებლობა, მათ შორის თეორიულიც კი, ვინაიდან, მას აქვს სანდოობის და დაცულობის ყველაზე მაღალი გარანტია. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რეკომენდაცია ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის, ამერიკის საელჩოს და ნებისმიერი, ვინც დღეს მის დისკრედიტაციას ცდილობს, ვალდებულია საზოგადოებას აუხსნას, თეორიულად, ერთი მაგალითიც კი, თუ სადმე ამ მხრივ რაიმე არაკეთილსინდისიერი მოპყრობა მოხდა ელექტრონული არჩევნებისადმი," - ამბობს რატი იონათამიშვილი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრაქტიკულად ყველასგან აღიარებულია, რომ ელექტრონული არჩევნების მიზანი და დანიშნულება არის ის, რომ გამოირიცხოს მანიპულაცია.
"როდესაც ყველამ დაინახა, რომ რეალურად ხელისუფლებამ ნაბიჯი გადადგა საიმისოდ, რომ მანიპულაციის გამორიცხვის მიზნით დანერგილი ყოფილიყო ეს ინსტრუმენტები, ამის შემდეგ თითქოს სასაუბრო მანიპულაციის რისკებთან დაკავშირებით აღარ არსებობდა და ამის შემდეგ ვისმენთ ასეთ განცხადებას და სიმართლე გითხრათ, მთლად გასაგები აღარ არის, რატომ შეიძლება არსებობდეს ვარაუდი შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით. ყველასგან ერთმნიშვნელოვნად აღიარებულია, რომ ასეთი მექანიზმების დანერგვა საარჩევნო კანონმდებლობაში გამორიცხავს მანიპულაციის შესაძლებლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მექანიზმებს არ შეიძლება აზრი ეკარგებოდეს," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.