თეა გოდოლაძის საქმე ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიცია ისევ გოდოლაძის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე საუბრობს. "ლელოს"წევრის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ხელისუფლების ამოცანაა, შოვში მომხდართან დაკავშირებით, გოდოლაძის აზრის გამო, ყურადღება პირადად მასზე გადავიდეს.
"ხელისუფლების ამოცანა არის რომ შოვში მომხდარიდან, და იმაზე, რაზეც პროფესიონალი სპეციალისტი საუბრობს ყურადღება გადავიდეს ამ ადამიანზე. იმიტომ რომ თეა გოდოლაძე ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ აფიქსირებდა თავის პროფესიულ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, ის გახდა თავდასხმის მსხვერპლი.
არ გამოვა შოვში განვითარებული მოვლენებიდან და ხელისუფლების პასუხისმგებლობიდან აქცენტების სხვაგან გადატანა," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მმართველი გუნდის განცხადებით კი, ყველა თანხმდება რომ ოჯახში ძალადობის ფაქტები განსაკუთრებულ ყურადღებას და სიმკაცრეს იმსახურებს, თუმცა "ქართული ოცნების" დეპუტატები ინტერესდებიან, როდესაც საქმე თეა გოდოლაძეს შეეხო, რატომ შეფასდა ფაქტი პირად ცხოვრებაში ჩარევად.
"თითქოს გადასაფარად არის ეს გაკეთებული, აბსურდია, იმიტომ რომ როგორც ითქვა, პროცესები გაცილებით უფრო ადრეა დაწყებული, ვიდრე შოვის ტრაგედია დატრიალდა. აქედან გამომდინარე ტექნიკურად ვერ ებმება ეს ერთი-მეორე ბრალდება ერთმანეთს და აბსოლუტურად ალოგიკურია.
რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, პირადი სივრცის ხელყოფა არისო, მე სიმართლე გითხრათ არ მგონია, რომ ეს საფუძვლიანი იყოს ამ კონტექსტში და ამ ვითარებაში. ბრალდებებთან დაკავშირებით ერთმა მხარემაც ისაუბრა, მეორე მხარემაც და ერი მეორის მიმართ არის გარკვეული პრეტენზიები. ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესი მიმდინარეობს სამართლებრივად და, შესაბამისად, სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. საკმაოდ მძიმეა ის ბრალდებები, რომელიც აქვთ წაყენებული, ერთი უკავშირდება ქალთა მიმართ ძალადობას, მეორე - არასრულწლოვანზე ძალადობას, რომელიც ქალბატონ გოდოლაძეს აქვს წარდგენილი. თუ ეს დამტკიცდება, ეს საკმაოდ მძიმე ბრალდება გახლავთ და მცდელობაა იმისა, რომ რაღაცა ფორმით ხელისუფლების მიმართ დამატებითი კრიტიკული სათქმელი გახდეს, თორემ არავითარი კავშირი ერთი მეორესთან ბუნებრივია რომ არ არსებობს," - აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, მსგავსს საკითხებს საზოგადოება პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს, თუმცა, "რადიკალური ოპოზიცია", ფაქტობრივად, გაერთიანებულია და იცავს თეა გოდოლაძეს. მისი თქმით, საზოგადოებისთვის ეს ფაქტი დამატებით ობიექტური დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა.
პროკურატურამ თეა გოდოლაძეს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუხლით წარუდგინა. ამჟამად მას 2 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო საქმე სასამართლოში განიხილება. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის საქმეში დევს დაზარალებული არასრულწლოვანის ჩვენება, რომელშიც ის გოდოლაძის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.