"ნაციონალური მოძრაობა" ინიციატივით გამოდის - პარტია ითხოვს რთვლისთვის გამოყოფილი სუბსიდია მოსავლის გარეშე დარჩენილ გლეხებზეც გადანაწილდეს.
პარტიაში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ბოტკოველმა თქვა, რომ აღნიშნულ გლეხებზე თანხის განაწილებისას სახელმწიფომ უნდა იხელმძღვანელოს გასული წლის მოსავლით.
"კონკრეტულ გლეხს თუ შარშან ჩაბარებული ჰქონდა 5 ტონას ყურძენი და წელს მთლიანად განადგურებულია მისი მოსავალი. სწორედ ამ 5 ტონის შესაბამისი 20 თეთრი, რომელიც გამოყოფილია სუბსიდირებისთვის, მოხდეს ამის კომპენსირება, რაც რეალურად ამ გასაცოდავებული ადამიანისთვის შეადგენს თუნდაც 1000 ლარს. მოვითხოვთ, გამოიჩინოს ხელისუფლებამ გულისხმიერება და დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ შემოსავლის გარეშე რჩებიან წელს," - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.
საპასუხო კომენტარი გაკეთდა "ქართულ ოცნებაში". პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ არც ერთი მევენახე არ რჩება ყურადღების გარეშე.
"ან კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რომ სახელმწიფომ რთვლის დროს გლეხებს და მევენახეებს დახმარება გაუწიოს, დღეს არჩევნები ახლოვდება და ამიტომ უნდათ გულის მოგება და ეს იდეა წამოაყენეს. არც ერთი მევენახე არ რჩება ყურადღების გარეშე. სახელმწიფოს აქვს უნიკალური პროგრამა აგროდაზღვევის და მოვუწოდებ ყველას, რომ პროპაგანდა და მხარდაჭერა გაუწიოს მათ შორის ნაციონალურმა მოძრაობამ ამ აგროდაზღვევის პოლიტიკის გატარებას და არა პერიოდულად, ასეთი პოპულისტური, ყოველგვარი ეკონომიკურ გათვლაზე დაუმყარებელი განცხადებების კეთებით,“ - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.