15 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
"ჩვენი არგუმენტის უგულებელყოფით ხდება ამ პროექტების დამტკიცება, რომელსაც თბილისისთვის ექნება კატასტროფული შედეგები" - საკრებულოში ურბანულ პროექტებზე დღეს იმსჯელებენ

თბილისის საკრებულოში დაძაბული სხდომისთვის ემზადებიან. ზუსტად ორ საათში დეპუტატები ურბანულ პროექტებზე მსჯელობას დაიწყებენ.

პროექტების ნაწილს ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ხელისუფლების ოპონენტებმა გუშინ სხდომის და განხილვის გადადებაც მოითხოვეს, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

"არც სპეციალისტების აზრი მოისმინეს, არც ჩვენი არგუმენტები გაითვალისწინეს და ყველა ჩვენი არგუმენტის უგულებელყოფით მაინც ხდება ამ პროექტების დამტკიცება, რომელსაც თბილისისთვის ექნება კატასტროფული შედეგები, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისე ურბანული და სატრანსპორტო თვალსაზრისით," - აღნიშნა "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ.

თავის მხრივ, თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე კი აცხადებს, რომ კომისია დღევანდელ სხდომაზე განიხილავს თითოეულ საკითხს და ხვალინდელი სხდომისთვის რეკომენდაციას გასცემს. მისივე თქმით, ოპოზიციამ განაშენიანების რეგულირების გეგმა პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა.

"ჩვენმა ოპონენტებმა განაშენიანების რეგულირების გეგმა პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანეს. მუნიციპალიტეტი ხელმძღვანელობს მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტებით, კვლევებით და შესაბამისი ორგანოების დასკვნებით," - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები აღნიშნავენ, რომ თბილისის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ის პროექტები წარუდგინა, რომელიც ქალაქის გენერალურ გეგმას არღვევს. საკრებულოში "ლაგუნას ვერეს" ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის პროექტის შეტანას გამოეხმაურა პარტია "ლელოც". მათი თქმით, აღნიშნული ცათამბჯენები ძველი თბილისის ქსოვილის მორღვევას და თბილისის ურბანულ გენოციდს გამოიწვევს.

დღის ამბები