დაგროვებითი პენსიის დღეს არსებული სისტემა, 2028 წლის იანვრამდე უცვლელი დარჩება. შესაბამისი პროექტის განხილვას დეპუტატები 4 სექტემბერს, ჯანდაცვის კომიტეტზე მეორე მოსმენით განაახლებენ. კანონპროექტი საბოლოო სახეს სექტემბერში მიიღებს. კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიხედვით, დასაქმებულები, აქამდე არსებულ დაბალრისკიან მოდელში დარჩებიან.
კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციაში განსხვავებული მოსაზრებებია. ნაწილი ამბობს რომ პროექტს მხარს არ დაუჭერს, ნაწილი კი საკომიტეტო განხილვას ელოდება.
დაგროვებითი პენსიის რეფორმის მიმდინარეობის დროს გამოკვეთილ დამატებით საჭიროებებზე საუბრობენ უმრავლესობაში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ, დასაქმებული, საპენსიო დანაზოგს, მაღალრისკიან პორტფელში მხოლოდ საკუთარი სურვილის შემთხვევაში გადაიტანს.
ამ დროის მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 426 000 ადამიანია. დასაქმებულების მხრიდან, საპენსიო პორტფელების არჩევანის თავისუფლების დადებით მხარეებზე საუბრობენ ანალიტიკოსები. ექსპერტები ამბობენ, რომ დასაქმებულმა რომელ პორტფელშიც არ უნდა განათავსოს კაპიტალი, ფინანსები დაზღვეული იქნება.
დასაქმებულების დაგროვებით პენსიას რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ამის შესახებ საუბრობენ საპენსიო სააგენტოსა და ეროვნულ ბანკშიც. ახალი პროექტის მიხედვით, საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩება.